მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლებელია თუ არა თბილისში შემოვლითი რკინიგზის ნაცვლად ფასიანი ავტომაგისტრალის მოწყობა?

61b77ae0614d1
ანუკა ჯოხაძე
13.12.21 23:40
771
“საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ 2 კვირის წინ განაცხადა, რომ დედაქალაქის შემოვლითი რკინიგზის ადგილას, შესაძლოა თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალი აშენდეს. პროექტი კერძო ინვესტორმა უნდა განახორციელოს, რომლის დაინტერესების მიზნითაც დავით საგანელიძეს აქვს ინიციატივა, რომ იმავე კომპანიას გადაეცეს შემოვლითი მაგისტრალის მიმდებარედ გარკვეული უძრავი ქონება, სადაც საცხოვრებელი სახლები აშენდება.

გასულ კვირას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, BM.GE-მ თბილისის მერს ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია გენგეგმით ამ პროექტის განხორციელება, რაზეც მერმა უპასუხა: „გენგეგმის დამოკიდებულება იყო, რომ ამ პროექტის განხორციელება საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში არ იყო მისაღები“.

როგორც "სითი ინსტიტუტის" დირექტორი მამუკა სალუქვაძე BM.GE-თან აცხადებს, გენგეგმაზე მუშაობის დროს აღნიშნული პროექტის განვითარებაზეც მიმდინარეობდა მსჯელობა და იყო კონკრეტული რეკომენდაციებიც გაცემული.

მისი თქმით, შემოვლითი რკინიგზის პროექტის ნაცვლად, ავტომაგისტრალის მოწყობა "საპარტნიორო ფონდის" მხრიდან არგუმენტაციას საჭიროებს, რადგან თბილისს ერთი შემოვლითი გზა უკვე აქვს. შესაბამისად, სალუქვაძის განმარტებით, კითხვის ნიშნის ქვეშაა რამდენად სჭირდება დედაქალაქს კიდევ ერთი შემოვლითი გზა და თანაც ფასიანი.

“გენგეგმაზე მუშაობის დროს ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურა დროებით ქალაქს მოეხმარა სპორტული შეჯიბრებებისთვის, მარათონებისთვის, მსგავსი აქტივობებისთვის და არა ავტომაგისტრალისთვის. ჩვენ ავტომაგისტრალის მოწყობის წინადადება არ მიგვიწოდებია. ახლაც რომ ვნახეთ, საპარტნიორო ფონდის განცხადება ფასიანი ავტომაგისტრალის მოწყობასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, მას არგუმენტები აკლია. ვგულისხმობ, არგუმენტებს იმის შესახებ თუ რატომ უნდა გაკეთდეს, რა არის ამის ეკონომიკური საფუძველი", - აცხადებს “სითი ინსტიტუტის” დირექტორი.

თბილისის გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი აცხადებს, რომ გენგეგმაზე მუშაობისას მათი რეკომენდაცია არ ყოფილა შემოვლითი რკინიგზის პროექტზე უარის თქმა. მისი თქმით, პროექტის განხორციელება შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ მისი მოდერნიზება მოხდება.

“ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ ეს გზა შეიძლება რკინიგზის თვალსაზრისითაც იყოს გამოყენებული, იმ შემთხვევაში თუ მისი მოდიფიკაცია და მოდერნიზაცია მოხდებოდა. ეს შესაძლებელია, რომელზეც გადაწყვეტილება ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს.” -აცხადებს ის.

ცნობისთვის, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. პროექტის განვითარებაზე 2013 წლამდე $230 მილიონი დაიხარჯა, თუმცა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობამ დაასკვნა, რომ პროექტი წამგებიანი იყო და მისი განვითარება შეჩერდა, სანახევროდ აშენებული ინფრასტრუქტურა კი დაკონსერვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები