მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ისტორიულ ნაწილში რამე ტიპის ცვლილება ყოვლად მიუღებელია - ურბანისტი “ლაგუნა ვერეს” პროექტზე

პროექტი

დღეს თბილისის საკრებულოში “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცებაზე მსჯელობენ.

“ლაგუნა ვერეს” პროექტს სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტებისგან კრიტიკა მოჰყვა. მიზეზებზე, რის გამოა დაუშვებელი აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბების პროექტების განხორციელება, მედიასთან ურბანისტი ცირა ელისაშვილი საუბრობს.

“ის პოლიტიკა, რომელიც დედაქალაქთან მიმართებით ხორციელდება ბოლო 20 წლის განმავლობაში, ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, არ იცვლება. დეკემბრის ბოლოა სწორედ ის დრო, როდესაც ამ ქალაქის ყველაზე ოდიოზური პროექტების გათრევა ხდება საკრებულოში.

არსებობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონი, რომელიც განსაზღვრავს, კონკრეტულ ზონაში რა ტიპის და მოცულობის ნაგებობის მშენებლობაა დასაშვები. ეს პროექტი, თავისი გაბარიტებით, მასშტაბით, სილუეტით და ვერტიკალით სრულად ეწინააღმდეგება ამ კანონს”, - აღნიშნავს ცირა ელისაშვილი.

მისი თქმით, გარდა პროექტის უკანონობისა, ის ასევე სრულად ეწინააღმდეგება დედაქალაქის ურბანული განვითარების გენგეგმას.

“გარდა კულტურული მემკვიდრეობის ასპექტისა, მეორე არგუმენტი პროექტის წინააღმდეგ სატრანსპორტო ნაკადების გადატვირთვაა. მესამე კი ქალაქის ურბანული განვითარების პერსპექტივაა. ამ ტერიტორიაზე, გარდა “ლაგუნა ვერეს” პროექტისა, ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ რამდენიმე პროექტია დაგეგმილი, რომელიც სრულად შეკრავს ბეტონის ფარდას, რომლის მიღმაც მტკვრის მარჯვენა სანაპირო უბრალოდ უხილავი დარჩება საზოგადოებისთვის.

ამასთანავე, არსებობს დოკუმენტი, სადაც საუბარია, რომ თბილისის განვითარება უნდა მოხდეს 5 პოლიცენტრული არეალის მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის ცენტრი უნდა განიტვირთოს და პოლიცენტრებმა ახალი მიზიდულობის ცენტრები უნდა გააჩინოს თბილისში. ეს პროექტი სრულად ეწინააღმდეგება გენგეგმის ამ დოქტრინას, რომლის შემუშავებაშიც საზოგადოებას ბიუჯეტიდან ძალიან დიდი ფული გვაქვს გადახდილი”, - ამბობს ცირა ელისაშვილი.

აღნიშნული არგუმენტის წინააღმდეგ ხელისუფლება გენგეგმის ცვალებადობას ასახელებს და აღნიშნავს, რომ დოკუმენტი შესაძლოა, შეიცვალოს და ქალაქის სხვა საჭიროებებს მოერგოს. კითხვაზე, სად გადის წითელი ხაზი ურბანული განვითარების გენგეგმის ცვლილებასა და დაგეგმილ პროექტებს შორის, ცირა ელისაშვილი აღნიშნავს, რომ კონკრეტულ არეალში ქალაქის იერსახის ცვლილება დაუშვებელია.

“წითელი ხაზი, ზონალური ცვლილებებიდან გამომდინარე, გადის იმ არეალში, რომელიც ნომინირებულია იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში და მას ოფიციალურად ჰქვია თბილისის ისტორიული ნაწილი - აქ რაიმე ტიპის ცვლილება ქალაქის საზიანოდ არის ყოვლად მიუღებელი. ჩვენ ვაშენებთ ისეთ ქალაქს, საიდანაც შემდეგ თვითონვე გავრბივართ და ეს პროცესი უკვე დაწყებულია”, - აცხადებს ცირა ელისაშვილი.

თბილისის საკრებულომ “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე 52-სართულიანი კომპლექსის მშენებლობას მხარი მიმდინარე წლის აგვისტოში დაუჭირეს. დეველოპერულ კომპანიებს სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად თბილისის მერიისგან ნებართვის მიღება სჭირდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები