მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის გაგრძელების საჭიროება დადგეს - "თიბისი კაპიტალი"

6014146de8b13
ლიკა გურაბანიძე
31.01.21 20:30
829
“შესაძლოა, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გაგრძელების საჭიროება იყოს”, - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა ალექსანდრე ბლუაშვილმა “საქმიან დილაში” უძრავი ქონების განახლებულ მიმოხილვაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, 2021 წელი დეველოპერულ სექტორში საკმაოდ სუსტად დაიწყო.

“იანვრის მეორე ნახევარში, დაახლოებით, 40%-იანი შემცირება იყო იპოთეკური სესხების გაცემაში. ეს ძირითადად შეგვიძლია შეზღუდვებს და პასიურ ეკონომიკურ გარემოს, ასევე, იპოთეკურ სესხებზე დეკემბერში წინასწარ მოთხოვნას დავაბრალოთ. 2020 წლის მეორე ნახევარში სუბსიდირების პროგრამა სექტორს აღდგენაში დაეხმარა და ამ პერიოდში ახალი ბინების გაყიდვა 2019 წელთან შედარებით, დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა. 2021 წელი კი, საკმაოდ სუსტად იწყება. არ გამოვრიცხავთ, რომ თუ ასეთი დინამიკა გაგრძელდა, შესაძლოა, ამ პროგრამის გაგრძელების საჭიროება იყოს, თუმცა ჯერ ვაკვირდებით რამდენად შეძლებს სექტორი თავისით აღდგენას”,  - განმარტა ბლუაშვილმა.

მისივე თქმით, უძრავი ქონების გაყიდვებით ბაზარზე კვლავ ლიდერ პოზიციას თბილისი ინარჩუნებს.

“უძრავი ქონების ბაზარზე დედაქალაქს კვლავ ლომის წილი უკავია, თუმცა რიცხვების კლებაზე თუ ვისაუბრებთ, 2020 წლის განმავლობაში თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობაში, დაახლოებით, 22%-იანი შემცირება იყო, მას ბათუმი მოჰყვება აქ, დაახლოებით, 35-40%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ბათუმის შემთხვევაში, კლება ტურიზმთან დაკავშირებული მოთხოვნის არარსებობას უკავშირდება”, - განმარტა ბლუაშვილმა.

ცნობისთვის: 2020 წლის 31 დეკემბერს დასრულებული იპოთეკურის სესხების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში კრედიტი სულ 8,443 მსესხებელს დაუსუბსიდირდა და გაცემული სესხების მთლიანი პორტფელი 827,949,335 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ერთი საშუალო სუბსიდირებული სესხის მოცულობა 98,063 ლარია. აღნიშნული ინფორმაცია BMG-იმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-სიან “აწარმოე საქართველოში” გამოითხოვა. ამასთან, ირკვევა, რომ ამ სესხების თანადაფინანსებაზე ამ დრომდე მთავრობამ 940,196 ლარი დახარჯა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები