მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონი შემოდგომიდან ამოქმედდეს - ალდაგი

63f4c8b03358a
მარიამ ვარადაშვილი
21.02.23 23:00
1524
მესამე პირის დაზღვევის კანონპროექტს მთავრობა პარლამენტს ხელახლა წარუდგენს. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო ორგანო კანონს საგაზაფხულო სესიაზევე მიიღებს.

“მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი პარლამენტში იყო შეტანილი, მაგრამ ეს წინა მოწვევის პარლამენტი იყო. მთავრობა თავიდან დააინიცირებს ამ კანონპროექტს და იგეგმება რომ საგაზაფხულო სესიაზე იქნეს მიღებული. ეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნაა. ახლა ეს კანონპროექტი გადამუშავების ეტაპზეა და ამ პროცესში ეკონომიკის სამინისტრო ჩართულია. გასულ კვირას დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ძირითადი საკითხები გავიარეთ. მნიშვნელოვანია, კარგად მომზადებული დოკუმენტი შევიდეს პარლამენტში. ვფიქრობთ, აქტიური მუშაობის პირობებში შეგვიძლია ერთ თვეში პირობები განვაახლოთ”,- განაცხადა დავითაშვილმა.

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროში თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანია ესწრებოდა იმ შეხვედრას, რაზეც დავითაშვილი საუბრობს.

“ძირეული ცვლილებები არ ხდება, არამედ გარკვეული საკითხები ზუსტდება იმისთვის, რომ მთავრობა და ინდუსტრია საბოლოო ვერსიაზე შეჯერდეს. ეკონომიკის სამინისტროსთან სამუშაო პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ვიცე-პრემიერთან ბაზრის მოწყობის პრინციპი იქნება თუ შენიშვნა ფაქტობრივად გათვალისწინებულია. ასევე შეთანხმებულია როგორც გაყიდვების, ისე ანაზღაურების სქემა. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო კვირაში ყველა დეტალი დაზუსტდება და მთავრობა უკვე წარადგენს პარლამენტში. პრემიების ნაწილი თითქმის იგივე რჩება, რაც დაახლოებით დღეში 40-50 ათას ლარამდე იყოს, იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს”,-ამბობს ბარათაშვილი.

“ალდაგის” ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მთავრობის მხრიდან სექტორისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ე.წ ესტონური მოდელის სადაზღვევო სექტორზე გავრცელება იყო.

“შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა დააფიქსირა რომ მზად არიან აღნიშნული კანონპროექტი საგაზაფხულო სესიაზე წარუდგინონ პარლამენტს და მიიღონ და თუ ინდუსტრია მზად იქნება შემოდგომიდან უკვე ძალაში შევიდეს",-ამბობს ბარათაშვილი.

გასული წლის სექტემბერში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ხელისუფლებას მოუწოდებს, „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ (TPL) მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადადგას. ასოციაციაში მიაჩნდათ, რომ ცვლილება მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კერძო სექტორისა და ჩვენი მოქალაქეების დაცულობისთვის.

"იგი ქონებრივი და სოციალური რისკების სამართავად დადგენილი მსოფლიო სტანდარტია, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოქალაქის სამედიცინო ხარჯების შემცირების შედეგად საგრძნობლად განტვირთავს სახელმწიფო ბიუჯეტს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საგზაო შემთხვევის დროს მოხდება ჩვენი მოქალაქეების მაღალი ევროპული სტანდარტებით დაცვა, ხოლო ადამიანის სიკვდილისა და შრომისუუნარობის გამოწვევის შემთხვევაში მნიშვნელოვანი კომპენსაციით უზრუნველყოფა",-აცხადებენ ასოციაციაში.

მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის ბოლოს დარეგისტრირდა. კანონპროექტის მიხედვით, სადაზღვევო პრემიის მოცულობა ტრანსპორტის კატეგორიების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში წლიური მაქსიმალური სადაზღვევო პრემია, რისი გადახდაც მოქალაქეებს მოუწევთ, მაქსიმუმ 150 ლარი შეიძლება იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები