მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკა მაისიდან შემსუბუქდეს - TBC Capital

64216f57d20cb
გიორგი თოლორდავა
27.03.23 14:24
722
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ინფლაციის დონე სამიზნე 3%-იან ნიშნულს ივლისში დაუბრუნდება. რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, მთავარი ეკონომისტის შეფასებით, მიმდინარე კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ისევ უცვლელად დატოვებს; მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება კი მაისიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ რეფინანსირების განაკვეთი 11%-იან ნიშნულზეა; თებერვალში კი წლიურმა ინფლაციამ 8.1% შეადგინა.

"საერთაშორისო სასაქონლო ფასების მიმდინარე შემცირება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოში, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 3%-იან სამიზნეს ივლისში ან უფრო ადრე დაუბრუნდება, რაც ძირითადად იმპორტული ინფლაციის შემცირების შედეგია.

მოთხოვნის კუთხით, აღსანიშნავია, რომ საბაზო ეფექტის გარდა, თებერვლის ექსპორტის შედარებით სუსტი მაჩვენებლი ფეროშენადნობებისა და სასუქების ექსპორტის ვარდნით იყო გამოწვეული. საკუთრივ, ამ ორი პროდუქტის გარეშე, ექსპორტი ნაცვლად 6.3%-სა, 36.1%-ით გაიზრდებოდა. ამდენად, საგარეო მოთხოვნა ჯერჯერობით კვლავ ძლიერია, თუმცა, თუ ამ სასაქონლო კატეგორიებზე ფასები არ აღდგა, 2023 წლის ეკონომიკის ზრდაზე ფეროშენადნობებისა და სასუქების ნეგატიურმა ზეგავლენამ შესაძლოა 1%-იც კი შეადგინოს. ფასების გარდა, ცალკეული პროდუქტების, კონკრეტულად კი სპილენძის უარყოფითი კონტრიბუცია იმპორტშიც მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, თებერვალსა და მარტში, თიბისის არხებით უნაღდო ანგარიშსწორების მაჩვენებლები კვლავ ძლიერ ადგილობრივ მოთხოვნაზე მიუთითებს. ასევე, ძირითადად უფრო დაბალი ინფლაციის ხარჯზე, თუმცა მაინც აღსანიშნავია რეალური საკრედიტო აქტივობის გარკვეული გაუმჯობესებაც.

მიუხედავად იმისა, რომ თიბისი კაპიტალის მოლოდინი ინფლაციის საკმაოდ მკვეთრი შემცირებაა, მომდევნო კვირას, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა შესაძლოა განაკვეთის დაწევა უფრო მაისისათვის გადადოს. ჩვენი აზრით, ასეთ შემთხვევაში, აქცენტი იმპორტირებული პროდუქტების გარეშე ინფლაციასა და ბოლო პერიოდში საერთაშორისო მასშტაბით გაურკვევლობის ზრდაზე იქნება გაკეთებული", - წერია TBC Capital-ის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები