ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლასიოს განცხადებით, ქალაქის 9 რაიონში, სადაც წინა კვირას კორონავირუსის კლასტერები გაჩნდა, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დამოკიდებულია ნიუ-იორკის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს დასტურზე და თუ გუბერნატორიც თანხმობას განაცხადებს, ქალაქში, დაახლოებით, 100 საჯარო სკოლა და 200-მდე კერძო სკოლა, დაახლოებით, ორიდან ოთხ კვირამდე ვადით დაიკეტება. მოსწავლეები კი, მთლიანად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლენ.
ნიუ-იორკის მერის განცხადებით, აღნიშნულ რაიონებში რიგი ბიზნეს-საქმიანობაც აიკრძალება.
ბილ დე ბლასიო აცხადებს, რომ დაკვირვება მიმდინარეობს ნიუ-იორკის კიდევ 11 უბანზე, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება.