მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შესაძლოა, ოქროს დღგ-სგან გათავისუფლება არაბულ ინვესტიციას უკავშირდებოდეს" - ჰერმან საბოს მოსაზრება

ჰერმან სბო

პარტია "გირჩის" წევრის, ჰერმან საბოს აზრით, საინვესტიციო ოქროს დღგ-სგან გათავისუფლება, შესაძლოა, საქართველოში EMAAR-ის მიერ განსახორციელებელ $6-მილიარდიან პროექტებს უკავშირდებოდეს.

როგორც მან საკანონმდებლო ცვლილების შეფასებისას "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, გადაწყვეტილება დადებითია, თუმცა მისი უფრო კონკრეტული მიზეზები და მიზნები ცალსახად არ გამოკვეთილა.

"ის ფაქტი, რომ ჩვენ ახლა შეგვიძლია დამატებითი სულელური გადასახადის გარეშე ვივაჭროთ ერთმანეთში ოქრო, ეგ ცალსახად კარგია და ეს ბირჟის გაჩენასაც შეუწყობს ხელს. არ ვიცი, რის გამო გადაწყვიტა "ქართულმა ოცნებამ" ახლა შემოეტანა ეს ცვლილება, ჩვენს კანონპროექტს თავის დროზე არც კი მოუსმინეს. ალბათ, მართლა რაღაც ისეთი მოხდა, რაც ჩვენ არ ვიცით. სანდროს [რაქვიაშვილის] ვერსიაა, რომ შეიძლება ეს უკავშირდებოდეს ცნობილ $6 მილიარდიან ინვესტიციას, რომელიც არაბებისგან შემოდის. რადგან იქ ოქროს კულტურა ძალიან მაღალია, ძალიან კარგი ოქროს ბირჟა აქვთ და შეიძლება უბრალოდ, ან რჩევასავით, ან "მოდი გაგვაკეთებინეთ ბირჟა", ან რაღაცა ასეთი საუბარი ყოფილიყო. სხვა ლოგიკურ ახსნას, თუ აი ახლა, ამ მომენტში რატომ გადაწყვიტეს დაჩქარებულად ამ კანონის შემოტანა, ვერ ვხვდებით. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, იმის გამო რომ მეც თქვენც და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქეც ისარგებლებს ამით, რომ შეეძლება ოქროში შეინახოს თავისი დანაზოგი, ეს ცალსახად კარგია და ვინც არ უნდა იყოს ამის ირიბი ან შემკვეთი ან ბენეფიტის მიმღები, მივესალმები კანონს", - განაცხადა ჰერმან საბომ.

წამყვანის კითხვაზე, რა გამოწვევები შეიძლება არსებობდეს ამ საკანონმდებლო ცვლილებით საერთაშორისო სანქციებისა და ოქროთი ვაჭრობის რეგულირების კონტექსტში, "გირჩის" წევრი პარალელს ე.წ. "ოფშორების კანონთან" ავლებს.

"ნამდვილად პირველი, რაც შეიძლება ადამიანს თავში მოუვიდეს ისაა, რომ "ქართულ ოცნებაში" ვიღაცამ საფრთხე იგრძნო და გადაწყვიტა, ოქრო გაეთავისუფლებინა გადასახადებისგან, რომ უფრო მეტი შემოეტანა და დაეგროვებინა. ადამიანურად ეგრევე მაგაზე მიდის გონება.

მაგრამ კონტექსტს რომ შევხედოთ, თუ ბიძინა ივანიშვილი ხარ, გემუქრება სანქციები და გადაწყვიტე, რომ ოქრო იყიდო და შემოიტანო, ამას გააკეთებდი ისევ ისე, როგორც "ოფშორების კანონი" იყო, რაღაც ისეთს გააკეთებდი რომ შენ იხეირო და არა ვიღაც სხვამ. მეორეც რომ შევხედოთ, ალბათ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ბიუჯეტს უყურებს როგორც თავისი ჯიბის გაგრძელებას, საიდანაც ფული იხარჯება პარტიული გადაწყვეტილებებით. ბიძინა ივანიშვილი რომ ვიყო, ამას პრობლემად დიდად ვერ დავინახავდი, ოქროს ყიდვა თუ მომინდებოდა, უბრალოდ ვიყიდდი ოქროს, რაღაც ფული წავიდოდა ბიუჯეტში, მაგრამ იმასაც მერე მე ვხარჯავ, რა პრობლემაა?! ასე რომ, არ მგონია რომ რაიმე განსაკუთრებული გავლენა ჰქონოდა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს თუ საფრთხეებს "ქართული ოცნების" დასანქცირებასთან მიმართებით", - განაცხადა ჰერმან საბომ.

2026 წლიდან საქართველოში ოქროს ზოდებისა და საინვესტიციო მონეტების მიწოდება და იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება - აღნიშნულს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები ითვლისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ფინანსთა სამინისტრო, უწყების მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის თანახმად, ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო ნორმები არ უწყობენ ხელს საქართველოს რეგიონულ ოქროს ჰაბად გარდაქმნას, ამიტომაც ამ მიმართულებით ვაჭრობის მაჩვენებლები დაბალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები