მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შესაძლოა, რუსეთში მოცვის ექსპორტი შევაჩეროთ... ვაკვირდებით მოვლენებს“ - GeorgianBlue

60d9dad26139b
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.21 20:19
3077
ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთში ლურჯი მოცვის რეალიზაციაში გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია „აგრითაჩის“ დამფუძნებლის შემდეგ, ადგილობრივმა მწარმოებელმა და ექსპორტიორმა კომპანია GeorgianBlue-ს გენერალურმა დირექტორმაც დაუდასტურა.

რატი მორჩილაძე აცხადებს, რომ კომპანიამ რუსეთში მოცვით დატვირთული მანქანა პარასკევს გაუშვა, თუმცა მას საბაჟო ჯერ არ გაუვლია.

„პარასკევს, რუსეთის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან მიმართებით ფიტოსანიტარული მოთხოვნების გამკაცრების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებში გაურკვევლობა გამოიწვია. ჩვენი კლიენტები, ვინც რუსეთში ჩვენს პროდუქციას ყიდულობენ მათაც ზოგადი ინფორმაცია აქვთ, თუმცა სრული ინფორმაცია არავინ იცის.

ჩვენ მიერ პარასკევს გაგზავნილი მოცვით დატვირთული მანქანა, ახლა სწორედ საბაჟოზეა და ველით როდის გადაკვეთს საზღვარს. არსებული ინფორმაციით, რეგულაცია ძალაში 29 ივნისიდან შევა. შევხედავთ როგორ განვითარდება მოვლენები. მიმდინარე კვირას ექსპორტის შემდგომი პარტიის გახორციელება გვაქვს დაგეგმილი, თუმცა თუ მდგომარეობა არ გაირკვევა, შესაძლოა ამ მიმართულებით პროდუქტის ტრანსპორტირება შევაჩეროთ და ევროკავშირის ბაზარზე გავუშვათ“, - აცხადებს რატი მორჩილაძე.

მისი ინფორმაციით, GeorgianBlue-მ მიმდინარე წელს მოცვის სეზონის დაწყების შემდეგ ადგილობრივი მცირე ფერმერებისგან 15 ტონა მოსავალი ჩაიბარა, თუმცა დღეისთვის კომპანიამ, რომელიც წარმოებასა და ექსპორტთან ერთად სამაცივრე მეურნეობებსაც მართავს, მოცვის მიღება დროებით შეაჩერა. რატი მორჩილაძე ამბობს, რომ თუ რუსეთი ამ კუთხით მოთხოვნას გაამკაცრებს, ყველაზე მეტად ამით მცირე ფერმერები დაზარალდებიან.

„ამის შესახებ ყველა ფერმერს ვაფრთხილებთ, რადგან დიდი გაურკვევლობაა. ჩვენი წარმოების მოცვის ევროპაში ექსპორტს მოვახერხებთ, თუმცა მცირე მეწარმეებისგან მიღებული მოსავალი ევროპაში ვერ გავა. ამიტომ შევაჩერეთ მიღება, ეს ჩვენთვის ზარალის მომტანი იქნება.

რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რა სავალალო შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ, თუმცა, იმედის დაკარგვა არ გვინდა. ჩვენი კომპანია უკეთეს მდგომარეობაშია,ჩვენ ალტერნატიული სარეალიზაციო ბაზარიც გვაქვს, თუმცა მცირე ფერმერებისთვის, ვისაც ეს უპირატესობა არ აქვთ, ძალიან რთული მდგომარეობა შეიქმნება. ამის დაბალანსება მომავალში სტანდარტების ამაღლების და სხვა ალტერნატიული ბაზრების მოძიებით უნდა მოხდეს, როგორიცაა სპარსეთის ყურის ქვეყნები, აზია და ა.შ.“, - განმარტა GeorgianBlue-ს გენერალურმა დირექტორმა და დასძინა, რომ უახლოეს პერიოდში კომპანია გერმანიასა და ჰოლანდიაში 10 ტონა მოცვის გაგზავნას გეგმავს, თუმცა შემდეგ ყოველკვირეულად 12-15 ტონა მოცვი გავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები