მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, საჭირო იყოს მესამე CFD აუქციონის გამოცხადება, რომ ტარიფები არსებულ რეალობას მოეგოს - მზის ენერგიის ასოციაცია

სოლარ პანელები

მზის ენერგიის ასოციაციაში აცხადებენ, რომ ენერგოობიექტების მშენებლობის გაძვირების ფონზე, ენერგეტიკის სექტორში ინვესტირება რთულდება.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, თორნიკე დარჯანიამ BMG-ს განუცხადა, მშენებლობის ღირებულების გაძვირებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში ეკონომიკის სამინისტროს მიერ CFD აუქციონებში დაფიქსირებული ტარიფების გადახედვის საკითხი დგება.

მისივე თქმით, აუქციონებში თითქმის ორი წლის წინ დაფიქსირებული საშუალო მედიანური ტარიფები უკვე არსებულ რეალობას აღარ შეესაბამება.

“მზის ელექტროსადგურების [მშენებლობის] მიმართულებით გაძვირება გვაქვს. გაძვირება დაიწყო იანვრიდან, როდესაც მზის პანელებზე ფასები თავდაპირველად დაახლოებით 15%-ით გაიზარდა, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა კიდევ დამატებით 15%-ით, ანუ ჯამური გაძვირება გვაქვს დაახლოებით 30%. მაგრამ ამას ემატება ფერადი ლითონების მიმართულებით გაძვირება. იცით, რომ სატრანსპორტო სერვისებზეც ფასები გაზრდილია, ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვებზე, საწვავიც გაძვირდა. რომ შევაჯამოთ, მზის ელექტროსადგურების 1 კილოვატი დადგმული სიმძლავრე დღეს ინვესტორს დაახლოებით 20-25%-ით აქვს გაძვირებული.

ეს მოცემულობა გვაქვს, რომელიც თავისთავად ართულებს საინვესტიციო გარემოს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ის ტარიფი, რომელიც თავის დროზე შემოთავაზებული იყო სახელმწიფოს მხრიდან არის 5.6 ცენტი, ეს იყო წელიწად-ნახევრის წინ, ხოლო ამის შემდეგ ამ მოცემულობების შედეგად გვაქვს გაძვირება. შესაბამისად, რიგი ინვესტორებისთვის პროექტების განხორციელება ამ გაძვირების გამო რთულდება. რამდენიმე მათგანი ახორციელებს პროექტს, მაგრამ ბევრი ვიცით, რომ თავს იკავებს ზუსტად ამ გაძვირების გამო.

მსგავსი გაძვირება აისახება დიდ პროექტებზე, ვგულისხმობ ინდუსტრიული ტიპის მზის ელექტროსადგურებს, რომლებიც შენდება იმისთვის, რომ ელექტროენერგია გაყიდოს ინვესტორმა. CFD ტარიფი არის 5.6 ცენტი, რიგ შემთხვევაში უფრო ნაკლებიც, მეორე CFD აუქციონში უფრო დაბალი ტარიფიც კი აქვს ზოგ პროექტს და აქედან გამომდინარე, რთულდება ინვესტირება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საფიქრალია, განსაკუთრებით მთავრობის და ხელისუფლების მხრიდან, თუ როგორ შეიძლება დამატებით პროექტების წახალისება ამ მოცემულობაში, თუნდაც ტარიფების გადახედვით.

რამდენიმე შეხვედრაზე ეკონომიკის [სამინისტროსთან] ჰესების ასოციაციების მხრიდანაც დადგა ეს საკითხი, რომ მათი ტარიფი 6.5 ცენტი საკმარისი არ არის [ობიექტების ასაშენებლად] ბოლოდროინდელი გაძვირების ფონზე.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შეიძლება ტარიფების გადახედვასთან ერთად, საერთოდ საჭირო იყოს გამოცხადდეს მესამე CFD აუქციონი, რომელიც უფრო მეტად მოერგება რეალობას ახალი ტარიფების საფუძველზე. ამ თემაზე დასაფიქრებელია, იმიტომ რომ ამ პროექტების განხორციელება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები