თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვეულებრივ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. ასე პასუხობს ის ჟურნალისტების კითხვას, რომელიც პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას ეხებოდა, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციებს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.
„მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს უბრალოდ შეფუთულია ამ დასახელებით და ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული. პოლიტიკური პარტია არ ჰქვიათ, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. თანხები, რომლებიც შემოდიოდა ქვეყანაში, ზუსტად მათი გავლით ხმარდებოდა ქართულ პოლიტიკას - იხარჯებოდა ქართულ პოლიტიკაში, ტელევიზიებში, ხმარდებოდა საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩვის მცდელობას, პოლარიზაციის გაღრმავებას, ექსტრემიზმის დაფინანსებას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ ფაქტებს მოჰყვებოდა რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, შესაძლოა, ვინმეს სურდეს ამ ყველაფრის ისე წარმოჩენა, თითქოს ამ არასამთავრობოებმა მხოლოდ პირბადეები და სათვალეები შეიძინეს აქციების მონაწილეებისთვის, თუმცა ყველაფერი "ხელის გულზე დევს".
„ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა, ექსტრემიზმის დაფინანსება, საზოგადოების გახლეჩვის, დაპირისპირების დაფინანსება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოდიოდა გარედან და ზუსტად ამ ორგანიზაციების გავლით. ეს ყველაფერი იფუთებოდა არასამთავრობოებით. ყველაფერი ხელის გულზე დევს“, - აცხადებს კალაძე.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ დააყადაღეს შვიდი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები. პროკურატურის შუამდგომლობა ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.
მათ 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების დაფინანსებას ედავებიან საბოტაჟის საქმის ფარგლებში. ამავე საქმის ფარგლებში მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათ შორის „ნანუკას ფონდი“.




























