ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საინვესტიციო აქტივებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ამონაგები ოქროს აქვს, რომლის ფასმა მიმდინარე კვირაში რეკორდულ $2,620-მდე გაიზარდა უნციაზე. როგორც “ზარაფხანაში” ამბობენ, სასაქონლო ბირჟაზე არსებული დინამიკა საქართველოში არსებულ ფასზე ფაქტობრივად მყისიერად აისახება, რის გამოც, შესასყიდი ოქროს ფასი, ანუ ის თანხა, რომელსაც კომპანია გრამი ოქროს სანაცვლოდ იხდის, ამ დროისთვის, რეკორდულადაა გაზრდილი.
“ჩვენთვის, როგორც მწარმოებლისთვის, შესასყიდი ოქროს ფასი ფაქტობრივად მყისიერად გვეზრდება. ივლისის ბოლოს, შესასყიდი სუფთა ოქროს ფასი 214 ლარი იყო, მაგრამ გუშინ 228 ლარი შეადგინა. ეს არის გრამი 995/999 სინჯის ოქროს ფასი, რომელიც, ამ მომენტისთვის, რეკორდია. თუმცა წელს ოქროს ფასის მიმართულებით ზრდას კიდევ ველოდებით.
პროდუქციის გაძვირებას რაც შეეხება, ოქროს ფასის ზრდას მთელი წლის განმავლობაში ვაკვირდებით და პროდუქციის ფასების გაზრდისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ მივუახლოვდით გადაკვეთის წერტილს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაახლოებით ორ კვირაში, ფასები 4-5%-ით გაიზრდება.
ამ საკითხს კომერციულად რომ შევხედოთ, გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში, კომპანიამ შემოსავალი ოქროს იაფად გაყიდვით მიიღო და ახლა, ამ თანხის ინვესტირება გაძვირებულ ოქროში უწევს, შესაბამისად, სახეზე არის საოპერაციო ზარალი, რომელიც სამომავლო პროდუქციის ფასში უნდა აისახოს. მომხმარებელს მაღალი ფასები არ უყვარს და ჩვენც ვცდილობთ, ნაკეთობები არ გავაძვიროთ.
“ზარაფხანას” სასიკეთოდ ვიტყვი, რომ ბოლოს პროდუქცია ორი წლის წინ გავაძვირეთ. იმ დროსაც გამოუვალი მდგომარეობა იყო, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების გამო ძვირფასი ქვების ფასმა დრამატულად იმატა, რასაც ოქროს გაძვირებაც მოჰყვა”, - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ “საქმიან საღამოში”.