საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამო დაწყებულ გამოძიებას Amnesty International-ი ეხმაურება.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია შეშფოთებულია საქართველოში ექსპერტების, მოწმეების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველების დაშინებით, რაც მოჰყვა BBC Eye-ის გამოძიებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სავარაუდოდ, გამოიყენა საზიანო და პოტენციურად აკრძალული ქიმიური ნივთიერება.
"ძალის შესაძლო უკანონო გამოყენებაზე ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების ნაცვლად, მთავრობამ სისხლის სამართლის საქმეები დაიწყო იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოიკვლიეს დაზიანებები, გააანალიზეს სამედიცინო მტკიცებულებები და საჯაროდ ისაუბრეს მომწამლავი ქიმიკატების შესაძლო გამოყენებაზე", - წერია განცხადებაში.
Amnesty International-ი გამოდის მოწოდებით, რომ შეიქმნას საერთაშორისო მექანიზმი 2024 წლის პროტესტების დროს მომიტინგეების წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენების ბრალდებების გამოსაკვლევად. Amnesty International-ი ასევე მოუწოდებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) წევრ სახელმწიფოებს, შესაბამისი მექანიზმით უზრუნველყონ მსგავსი გამოძიების მხარდაჭერა.
ამას გარდა, ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს მიიღონ მკაცრი ზომები, მათ შორის სრული ემბარგო დააწესონ სამართალდამცველისთვის აღჭურველობისა და იმ იარაღის მიწოდებაზე, რომლებიც მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენებოდა.




























