2026 წლიდან ტყეში შეშას ვეღარ მოჭრით. სოფლის მოსახლეობას საშეშე მასალის ყიდვა ყიდვა ე.წ საქმიან ეზოებში მოუწევს. ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისთვის 17 საქმიანი ეზოს მოწყობა მიმდინარეობს. 2026 წლამდე 90-მდე მსგავსი სივრცე სრულად აღჭურვილი იქნება.
დარგის სპეციალისტების შეფასებით, აღნიშნული პრაქტიკის ცვლილება სახელმწიფოს ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტორების გაკონტროლებაში დაეხმარება, მაგრამ მეორე მხრივ არასამთავრობო სექტორს აქვს კითხვა, რამდენად შეძლებს სახელმწიფო მოსახლეობას იმ რაოდენობის სათბობი შეშა მიაწოდოს, რისი საჭიროებაც მას უდგას. დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ კუთხით სათბობი შეშის ნაკლებობაა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე კი ამბობს, რომ გაზიფიცირების პროცესის პარალელურად სათბობი შეშის გამოყენება მცირდება. მისი თქმით, ისინი აკვირდებიან აღნიშნულ ტრენდს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საქმიანი ეზოები მოსახლეობისთვის საჭირო ხე ტყის მასალის შეთავაზებას შეძლებენ.
“ჩვენ ვადარებთ ყოველწლიურად როგორც გაზიფიცირების ტრენდს, ასევე მერქნული რესურსის ელექტრონული სისტემა გვაქვს, ბაზა, სადაც აღირიცხება თითოეული კომლი და ათვისებული შეშის რაოდენობა წლების მიხედვით. მინდა გითხრათ, რომ 2015 წლიდან შეშის მოხმარების ტრენდი არის შემცირებული, ზუსტად იმის ხარჯზე, სადაც ალტერნატიული ენერგომატარებლები გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა, იგივე გაზიფიცირების ხარჯზე.
ამ საშუალო ათვისების მაჩვენებლის მიხედვით ვგეგმავთ შეშის დამზადების სამუშაოებს, თუ რა რაოდენობის შეშით უნდა მომარაგდეს მოსახლეობა და ამ მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეგვიძლია”, - ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე თამარ იორდანიშვილი.