მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესიტყვება "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი" მხოლოდ მტრული ორგანიზაციების მონიშვნის საშუალებაა - ენათმეცნიერი

მარინა ბერიძე

"ტერმინი "ინტერესების გამტარებელი" შევისწავლეთ და თუ მას არ დავუმატეთ რამე დადებითი კონოტაციის სიტყვა, ის ნეიტრალურობას ვერ შეინარჩუნებს" - ასე უპასუხა ენათმეცნიერმა მარინა ბერიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შესაბამის კითხვას.

საქმე ის არის, რომ ენათმეცნიერი მარინა ბერიძე საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსული კანონის" განხილვაზე სპეციალისტის სახით არის მიწვეული.

"ჩემი პირადი დამოკიდებულება, როგორც მოქალაქის და ლინგვისტის არის ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით, მძიმე, ძალიან შემაშინებელ აღქმას იძლევა სიტყვათა შეთანხმება - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია... გამტარებელი აუცილებლად ნიშნავს იმას, რომ ის არ არის თავისუფალი", - აღნიშნა მან.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე წარდგენისას ენათმეცნიერმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა.

"ტერმინი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი სალექსიკონო სიტყვისგან, რომ მას არ უნდა სჭირდებოდეს დამატებითი ინტერპრეტაციები და მას არ უნდა ჰქონდეს სინონიმები და ის არ უნდა იწვევდეს გაურკვევლობას. ამ შესიტყვებას - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია" - იმ ისტორიული და თანამედროვე დისკურსის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ მიერ არის გამოკვლეული, მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამ ენაზე მოლაპარაკის მიერ, რომელმაც ეს ენა კარგად იცის... რიგითი ქართველისთვის სიტყვათა ეს შეთანხმება არის მკვეთრად უარყოფითი კონოტაციის მატარებელი, მხოლოდ მტრული ორგანიზაციების მონიშვნის საშუალება", - განაცხადა ენათმეცნიერმა მოსარჩელე მხარის კითხვის პასუხად.

საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსული კანონის" შესახებ მსჯელობა 29 აგვისტოს დაიწყო. კანონთან დაკავშირებით სასამართლოში შესულია ოთხი სარჩელი: პრეზიდენტის, 122 მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციის, 38 ოპოზიციონერი დეპუტატის, ორი მედიაორგანიზაციის: „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები