მთავრობა წელს ანტიკორუფციული რეფორმების მეორე პაკეტს დააინიციირებს, რაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების და კონკრეტული წესების კუთხით უფრო ყოვლისმომცველი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
გურამ დუმბაძემ აღნიშნა, რომ დეპარტამენტი თავისი მანდატის ფარგლებში მიმდინარე პროექტების და პროგრამების შემოწმება-მონიტორინგს და ასევე რეფორმების ინიციირებას ახორციელებს. მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება როგორც სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობას, ისე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობას და აღსრულების მექანიზმებს.
„აღნიშნული შეეხება როგორც სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობას, ასევე მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელი გვაქვს კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა, მათი ეფექტიანობა, აღსრულების მექანიზმები. ჩვენ ამ ცვლილებებს აუცილებლად შემოვიტანთ, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. მთელი რიგი საკითხები მოწესრიგდება იგივე შესყიდვების კუთხით. ბევრი საკითხი გამარტივდება, შეიძლება ეს იყოს შესყიდვის ახალი მეთოდები, ახალი მიდგომები, რაც როგორც შემსყიდველ ორგანიზაციებს გაუმარტივებს შესყიდვების მართვას, ასევე დარწმუნებული ვარ, დიდ დაინტერესებას გამოიწვევს კერძო სექტორშიც. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი იქნება რეფორმების კუთხით, იმისათვის, რომ ბოლომდე შეიკრას ის ნაწილი, რაც გულისხმობს პრაქტიკის გაუმჯობესებას, პრევენციული მექანიზმების შექმნას. შესყიდვების კუთხით მნიშვნელოვანი ნაწილი წლის ბოლომდე გვექნება დარეგულირებული. მუდმივად ვაკვირდებით პროცესს, ვახორციელებთ მონიტორინგს და რაიმე გაუმჯობესების საშუალება თუ გვექნება, ყოველთვის შემოვალთ შესაბამისი ინიციატივებით“, - აღნიშნა გურამ დუმბაძემ.




























