მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესყიდვების სააგენტომ ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციის შემოღების ბრძანება გამოსცა

62761e22859fd
ელენე გოგბერაშვილი
07.05.22 11:16
2488
გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე მთავრობამ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციის სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი ბრძანებულება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა.

"სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული/გასაფორმებელი ხელშეკრულებების ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, დასაშვებია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 აპრილის №753 განკარგულებით გათვალისწინებული წესით"-წერია სააგენტოს 3 მაისის ბრძანებულებაში.

ინდექსაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ სამშენებლო მასალის ფასების ცვლილება დააკომპენსიროს და შესაბამისად, გაზარდოს (ან შეამციროს) პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

აღსანიშნია, რომ კერძო სექტორი ჯერ კიდევ პანდემიის დროს შექმნილი კრიზისიდან მოყოლებული ითხოვს ინდექსირებას. ბოლო პერიოდში ეს საკითხი რეგიონში მიმდინარე ომმა გააქტიურა, რადგან მასალების თვითღირებულება ზოგიერთ შემთხვევაში 50-70%-ით გაიზარდა, ინდექსაციის მოდელის ამოქმედების გარეშე კი ბიზნესი ამბობდა, რომ პროექტები ვერ შესრულდებოდა.

კერძო სექტორიდან მიღებული ინფორმაციით, გაძვირებული ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან საქსტატის მიერ დადგენილი ზღვარის მიხედვით დაკომპენსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები