მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესყიდვის ტარიფი ძალიან დაბალია, არავის ექნება სურვილი, ამ სქემით ააშენოს მზის სადგური - SHINE ENERGY ნეტო დარიცხვაზე

მზის ენერგია

მზის სადგურების მშენებელ კომპანიებში აცხადებენ, რომ ახალი მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობაზე მოთხოვნა შემცირებულია, რისი მიზეზიც ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლაა.

როგორც BMG-ის SHINE ENERGY-ის დამფუძნებელმა, ნინო გადელიამ განუცხადა, ნეტო დარიცხვის ფარგლებში დადგენილი ტარიფები დაბალია. ახალი სისტემის თანახმად კი, მომხმარებელი ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგიის კრედიტად შენახვას ვეღარ შეძლებს, რაც მსგავსი სადგურების მშენებლობას, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე კომპანიებისთვის ნაკლებად საინტერესოს ხდის. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, შესყიდვის ტარიფი “ენერგო პროს” არეალში 5.5 თეთრია.

„ნეტო დარიცხვის სისტემა რთული აღმოჩნდა ბაზრისთვის. ნეტო დარიცხვა გვეუბნება, რომ ქსელში გადადინებული ჭარბი ელექტროენერგია ავტომატურად შესყიდული იქნება გამანაწილებელი კომპანიის მიერ და ეს შესყიდვის ტარიფი არის ძალიან დაბალი, ფაქტობრივად არცერთ კომპანიას თუ ფიზიკურ პირს არ ექნება სურვილი, რომ ამ სქემით ააშენოს მზის ელექტროსადგური.

აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი დღესდღეობით დღის წესრიგში არის მხოლოდ „ენერგო-პროს“ არეალში, იმიტომ რომ „თელასის“ არეალში კვლავ არის თავისუფალი სიმძლავრე, დაახლოებით 6%-ია დარჩენილი. თუმცა ამ ნაწილშიც ხაზგასასმელია, რომ მიუხედავად იმისა, ეს 6% 2026 წელს შეივსება თუ არა, 2027 წლის პირველი იანვრიდან ავტომატურად გაუქმდება ნეტო აღრიცხვის სქემა“, - განაცხადა ნინო გადელიამ.

როგორც SHINE ENERGY-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, საჭიროა ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლის კონცეფციის გააქტიურებაც, რაც უზრუნველყოფს, რომ მიკროსიმძლავრის სადგურების მიერ ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია გამანაწილებელი კომპანიებისთვის დადგენილ ტარიფზე უფრო ძვირად გაიყიდოს.

„შესაბამისად, ნეტო დარიცხვის სისტემაში უკიდურესად მნიშვნელოვანია თავისუფალი ბაზრის კონცეფციის განვითარება, იმიტომ რომ არცერთ მომხმარებელს, ეს იქნება იურიდიული პირი თუ ფიზიკური პირი, არ აქვს მოტივაცია, რომ ჭარბი ელექტროენერგია ქსელში გაუშვას და ამ ტარიფად.

თავისუფალი მიმწოდებლის ნაწილი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ რეალურად ჩვენ გვაქვს რამდენიმე ტიპის ტარიფი. ყველაზე დაბალი ტარიფი არის ამ შემთხვევაში „ენერგო-პროს“ შესყიდვის ტარიფი. იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი მიმწოდებლის კონცეფცია დამტკიცდება და ინვესტორები და მომხმარებლები გამოთქვამენ ინტერესს, რომ გადაიხადონ ეს დამატებითი საფასური, ეს ტარიფი საბოლოო ჯამში ცალსახაა, რომ იქნება ნეტო დარიცხვის ე.წ. კაბალურ პირობებზე უკეთესი ტარიფი და რაღაც შუალედური ციფრების მიღწევის შესაძლებლობა იქნება“, - განაცხადა ნინო გადელიამ.

ცნობისთვის, 1 ოქტომბრიდან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია ნეტო აღრიცხვის სისტემის ნაცვლად ნეტო დარიცხვის რეგულაციის ფარგლებში ხორციელდება. ახალი მოდელის ფარგლებში კი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი, ქსელში მიწოდებული კილოვატ საათების მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად, მიწოდებულ თითოეულ კილოვატზე მიიღებს შესაბამის საფასურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები