აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, კვირას აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე (MOU) შეთანხმების შემდეგ, ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმართულებით არაერთი დრონი გაუშვა - ამის შესახებ NBC News-ი წერს.
როგორც მედია იტყობინება, ოფიციალური პირის თქმით, დრონებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) უშვებს, ხოლო აშშ-ის არმია მათ მანამ აგდებს, სანამ ისინი საფრთხეს შეუქმნიან რეგიონში მყოფ კომერციულ თუ ამერიკულ სამხედრო გემებსა და პერსონალს.
"მას შემდეგ, რაც კვირას მემორანდუმს ციფრულად მოეწერა ხელი, IRGC ყოველ ღამით რამდენიმე დრონს უშვებს", - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.
მისივე თქმით, აშშ-ის სამხედრო ძალები განაგრძობენ კოორდინაციას გადამზიდავ კომპანიებთან, რათა უზრუნველყონ ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო შესვლა და გამოსვლა.
14 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე, რომელიც მსოფლიო ნავთობის თითქმის მეხუთედს ატარებს, 19 ივნისს ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ხელახლა გაიხსნება. ეს სრუტე თებერვლის ბოლოდან სრულად ჩაკეტილია, რამაც მსოფლიოში ყველა ტიპის საწვავი გააძვირა. სრუტის ჩაკეტვის საპასუხოდ, აშშ-მა ირანის ნავსადგურებთან მიმავალი გზები გადაკეტა.




























