შეუძლებელია ერთი საუკეთესო სახელმძღვანელო არსებობდეს, ამიტომ, უმჯობესია, სკოლებს არჩევანის თავისუფლება ჰქონდეთ - ამის შესახებ BMG-სთან განათლების სპეციალისტი ზურაბ ვახანია საუბრობს.
მისი თქმით, გასათვალისწინებელია მასწავლებლის ფაქტორი და სწავლების განსხვავებული სტილი - ამიტომაც ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება მისთვის მისაღები სახელმძღვანელოები შეარჩიოს.
ამასთან, ზურაბ ვახანია ფიქრობს, რომ განათლების სამინისტროს მხრიდან სასკოლო სახელმძღვანელოების გამოშვებაზე პასუხისმგებლობის აღება უწყებისთვისაც დიდი ტვირთი იქნება.
„განათლების სამინისტროსთვის არის ეს ძალიან წაგებიანი. იმიტომ, რომ როცა იქნება ერთი სახელმძღვანელო, მას მრავალი კრიტიკოსი გამოუჩნდება და მთელი პასუხისმგებლობა იქნება სამინისტროზე. დღესაც არის პასუხისმგებლობა და გარკვეული საყვედურები, რომ მაგალითად, გრიფს რატომ ანიჭებთ ასეთ ცუდ წიგნს და ა.შ. მერე კი, როცა ერთი სახელმძღვანელო იქნება, მათ ათმაგი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. რატომ უნდა აიკიდოს სამინისტრომ თავის თავზე ეს კრიტიკა და ლანძღვა, გაუგებარია.
15 სახელმძღვანელოს ავტორი ვარ და ზოგი მასწავლებელი ჩემი წიგნებით ასწავლის. მაგრამ მე სულ ვამბობდი, მაშინაც და დღესაც, რომ ჩემი სახელმძღვანელოები ერთადერთი და უალტერნატივო არ არის“ - ამბობს ზურაბ ვახანია.
მომავალი 2-3 წლის განმავლობაში სასკოლო სახელმძღვანელოების ცვლილებას და ერთიანი სტანდარტის შემოღებას, მთავრობის ზოგადი განათლების ახალი კონცეფცია ითვალისწინებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება და სამინისტრო აიღებს სახელმძღვანელოების დაწერის პასუხისმგებლობას.




























