მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეუძლიათ თუ არა კომპანიებს რეფერენტულ ფასზე ძვირი მედიკამენტების შემოტანა? - PSP Pharma-ს განმარტება

კვიჟინაძე

ფარმაცევტულ კომპანიებს ზარალზე მოუწევთ მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ შემოიტანენ მედიკამენტებს, რომელთა იმპორტიც რეფერენტულ ფასებზე ძვირი ჯდება - ამის შესახებ ფასების საპარლამენტო კომისიაზე PSP ჯგუფის ჯანდაცვის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა, პაატა კვიჟინაძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

კერძოდ, "ქართული ოცნების" დეპუტატს აინტერესებდა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო კომპანიებს იმ მედიკამენტების შემოტანას დაავალდებულებს, რომლებიც სააფთიაქო ქსელებში მათი მაღალი ფასის გამო აღარ შედის.

"თუ არის ასეთი მედიკამენტები, რომლებიც რეფერენტული ფასების პროგრამის გამო ძვირი ჯდება და ამიტომ აღარ შემოაქვთ კომპანიებს? დადებითი პასუხის შემთხვევაში, თუ შეიძლება, რომ დაევალდებულოთ კომპანიებს, მაინც შემოიტანონ ეს წამლები. მესმის, რომ შეიძლება, ეს ძალიან მცირედით ზარალი იყოს, მაგრამ მოგებიდან გადაიფარება. ეს არ არის სურსათი, ეს არის კონკრეტული წამალი, რომელიც კონკრეტულ ადამიანს სჭირდება", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

გიორგი რამიშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში კომპანიის მოგება მედიკამენტების რეალურ ღირებულებას ვერ დაფარავს.

"ექნებათ თუ არა კომპანიებს შესაძლებლობა, ეს მედიკამენტები ზარალით შემოიტანონ საქართველოში? 2024 წლის PSP-ს მოგება დაახლოებით 3.98% გამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კი, ჯამური ბრუნვა დიდი გვაქვს (და ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ დიდი ბიზნესი ვართ და შესაბამისი ბრუნვა გვაქვს), თუმცაღა, თუ მოხდება კურსის რყევა, დოლარის ან ევროსი, რაშიც ვყიდულობთ მედიკამენტებს, კანონმდებლობით გვაქვს დაწესებული, რომ უნდა მოხდა ამ რეფერენტული ფასების გადახედვა.

თუ რეფერენტული ფასების გადახედვა მოხდება კურსის გათვალისწინებით, მაშინ არაფერი არ დაემუქრება ბაზარს. მაგრამ, თუ მაგალითისთვის დოლარის ან ევროს კურსი აიწევს 10%-ით (რასაც არ ველოდებით და იმედია, არც მოხდება) ის 10% გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი მოგება, 3.98%, და გამოვა, რომ ზარალზე უნდა ვიმუშაოთ, რაც ბიზნესის მდგრადობისთვის წარმოუდგენელია", - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

პაატა კვიჟინაძის კითხვას PSP-ს წარმომადგენელი ვახტანგ ცერცვაძეც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკვე არის შემთხვევები, როდესაც სააფთიაქო ქსელს მედიკამენტი მაინც შემოაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ის დადგენილ რეფერენტულ ფასზე უფრო ძვირი ღირს. გიორგი რამიშვილმა კი განმარტა, რომ ასეთი პრაქტიკა სისტემურ სახეს არ უნდა იღებდეს.

"სისტემურ ხასიათს ეს არ უნდა იღებდეს, თორემ რანაირად იფუნქციონირებს ბიზნესი? კომპანიები სოციალური თვალსაზრისითაც ბევრ პროგრამაში ვართ ჩართულები, მაგალითისთვის, უფასოდ ვინახავთ და ვაწვდით მთელ საქართველოს ონკოლოგიურ მედიკამენტებს. არ მინდა ისე გამოჩნდეს, თითქოს ყოველ თეთრს ვეკიდებით, პირიქით - ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ ისედაც უსასყიდლოდ და, თუ სისტემური ხასიათი მიიღო იმან, რომ ყველაფერი გაძვირდა და ჩვენ მაინც დაგვავალდებულეს, რომ შემოვიტანოთ ძველ ფასად, ამის რესურსი მსხვილ კომპანიებსაც არ ექნებათ", - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები