აუდიტის თანახმად, "ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს" სხვა სახელმწიფო სუბიექტებთან არასათანადო კოორდინაცია აქვს. კერძოდ, აუდიტის სამსახურმა ვერ მოიპოვა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სააგენტო თანამშრომლობს ჯანდაცვის სექტორთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან, ქვეყანაში შეუსაბამო პროდუქტებით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ მონაცემების აღრიცხვის და სისტემატიზაციის დაწყების მიზნით.
"სააგენტოს განმარტებით, სააგენტო თანამშრომლობს ყველა სათანადო უწყებასთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით, თუმცა მათ საზედამხედველო არეალში შემავალი პროდუქტებით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანებების შესახებ მონაცემების სტატისტიკის წარმოება არც ერთ უწყებაში არ მიმდინარეობს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვერ მოიპოვა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სააგენტო თანამშრომლობს ჯანდაცვის სექტორთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სსიპ − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან, ქვეყანაში მსგავსი მონაცემების აღრიცხვის და სისტემატიზაციის დაწყების მიზნით. ამგვარი თანამშრომლობის შედეგად მიღებული მტკიცებულებები შესაძლოა გამხდარიყო ბაზრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველი (რეალიზაციის შეჩერება, ამოღება, გამოთხოვა, განადგურება)", - წერს აუდიტი.
ევრორეგულაციის შესაბამისად, ინფორმაცია შეუსაბამო პროდუქტებით გამოწვეული დაზიანებების შესახებ, მნიშვნელოვანი წყაროა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებისთვის.
ჯანდაცვის სექტორთან და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად შეგროვებული მონაცემები მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა სააგენტოსთვის პროდუქტთან დაკავშირებული უსაფრთხოების იმგვარი რისკების შესახებ, რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლოა ვერ ხერხდებოდეს მონაცემთა შეგროვების სხვა საშუალებებით.
ჯანმრთელობის დაზიანებების შესახებ მონაცემების არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს საზედამხედველო პროდუქტების არასწორი პრიორიტეტიზაცია და სააგენტოს შეზღუდული რესურსების არაეფექტიანი გამოყენება.
დასკვნა: სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით შეგროვებული მონაცემები არ მოიცავს ინფორმაციას შეუსაბამო პროდუქტებით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანებების შესახებ, რაც მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებისთვის.
რეკომენდაცია: სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ბაზარზე ზედამხედველობის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად და შეუსაბამო საზედამხედველო პროდუქტით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანებების შესახებ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და ტენდენციების გამოკვეთის მიზნით, სააგენტომ შეიმუშაოს ჯანმრთელობის დაცვის და მომხმარებელთა დაცვის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სტრატეგია. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია სააგენტომ გაითვალისწინოს რისკის შეფასებისა და საზედამხედველო რესურსების განაწილების პროცესში.
პროდუქტები, რომლის ტექნიკური/ლაბორატორიული შემოწმება არასოდეს ჩატარებულა - აუდიტის მიგნებები