არჩევნები მოპარულია! - მიტაცებული ინსტიტუციები, სადაც კორუფციაა, არ არიან დაინტერესებული, რომ სიტუაცია გამოასწორონ, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ TI-ს ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი, სანდრო ქევხიშვილმა ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, მათი კომპანია 26 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდა, რის შედეგადაც, მათ აქვთ სამხილები, რომელიც დაადასტურებს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და რომ არა მანიპულაციები, „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებდა.
„ჩვენ ორგანიზაციას აქვს მტკიცებულებები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ქართულ ოცნებას" არ მოუგია, არჩევნები მოიპარეს. არჩევნების ბედი გადაწყვიტა მანიპულაციებმა, რაც იყო. მიტაცებული ინსტიტუციები, სადაც კორუფციაა, არ არიან დაინტერესებული, რომ სიტუაცია გამოასწორონ. ამიტომ, შევდივართ უფრო ღრმა კრიზისში. ღრმა პოლიტიკური კრიზისი მომავალში ეკონომიკურ კრიზისსაც გამოიწვევს.
როგორც წესი ეკონომიკური შედეგები იგვიანებს ხოლმე. ჯერ არის პოლიტიკური პრობლემები და შემდეგ მოჰყვება ხოლმე ეკონომიკური პრობლემებიც. შესაბამისად, პერსპექტივაზე თუ ვსაუბრობთ, სამწუხაროდ ძალიან ცუდი პერსპექტივა გვაქვს. როდის დავუბრუნდებით რეფორმების დღის წესრიგს, არ ჩანს ეს და "ქართული ოცნების" პირობებში პირიქით გაუარესება იქნება“,- ამბობს TI-ს ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი.
ქევხიშვილის განმარტებით, ყველა მიმართულებით ინდიკატორები დაღმავალ ტრენდს აჩვენებს.
„წლების განმავლობაში ჩვენ სახელმწიფოს მიტაცების ნელ პროცესს ვუყურებდით, სადაც სხვადასხვა ინსტიტუციების პოლიტიკურად დამორჩილება ხდებოდა. ამის შედეგად ვიღებთ იმას, რომ კორუფცია მიშვებულია მთლიანად. კანონის უზენაესობა ფაქტობრივად აღარ არსებობს. ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც არჩევნების გაყალბების სერიოზული მტკიცებულებები გვაქვს, თუმცა ქვეყანაში ინსტიტუცია არ არსებობს, რომელიც ამ პრობლემას ნათელს მოფენს. ეს არის სწორედ შედეგი, როდესაც არა მხოლოდ ერთი მოქალაქის გასაჭირი ვერ წყდება, არამედ ქვეყნის დონის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები რჩება განუხილველი.
სწორედ ამის გამოა, რომ მთელ რიგ რეიტინგებში ჩვენ დაბალი ქულა გვაქვს და მე მინდა ვთქვა, რომ ეს გაგრძელდება ასე, თუ არ შეიცვალა ქვეყანაში მდგომარეობა. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ქვეყანამ პროგრესი ბუნებრივად განიცადოს. ეს ხომ ასე არ ხდება. ეს ხდება იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი, ორგანიზაცია და ინსტიტუცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობს. თუ ოპოზიციას აკრძალავენ, მედიას აკრძალავენ და ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია ემორჩილება ერთ ადამიანს, იქ პროგრესი ვერ იქნება და ძალიან სწრაფად ვიხილავთ ყველა პარამეტრით უკუსვლას. მათ შორის ეკონომიკურ პრობლემებსაც“, - აცხადებს სანდრო ქევხიშვილი.