მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შევძლებთ, რომ ფერმერებს პრობლემის გადაწყვეტის გზები AI-ის საშუალებით შევთავაზოთ - Agronnect

სს

სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების დანერგვა აქტუალურ პრობლემად რჩება - ამ გამოწვევების დასაძლევად კი Agronnect-ი ფერმერებს სთავაზობს პლატფორმას, რომლითაც ისინი პროფესიონალ აგრონომებს ონლაინ კონსულტაციისთვის უკავშირდებიან - Agronnect-ის შექმნის იდეაზე მისი თანადამფუძნებელი, ირაკლი ჩიქავა, BMGDrive-ის ეთერში საუბრობს.

“პრობლემად ავიღეთ მოცემულობა, რომ საქართველოში თანამედროვე ცოდნის მქონე აგრონომი დიდ დეფიციტშია, შედეგად კი გვაქვს ის, რომ მიუხედავად ფერმერის მიერ სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციისა, მისი უკუგება ხანდახან იმაზე 3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე უნდა იყოს.

აღმოვაჩინეთ, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თანამედროვე ცოდნის ნაკლებობაა. აგრონომის დაქირავება უცხოეთიდან კი საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და, როგორც წესი, ბიზნესს არ უღირს მისი დაქირავება. ამიტომ გავხსენით ასეთი პლატფორმა, სადაც ფერმერს აქვს საშუალება, მსოფლიოს წამყვან აგრონომებს მისწვდეს ონლაინ და ბაღის მოვლა მასთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს”, - განმარტავს ირაკლი ჩიქავა.

მისი თქმით, ფერმერი აგრონომთან კომუნიკაციისთვის Agronnect-ის პლატფორმაში ინტეგრირებულ ვიდეო ზარების თუ შეტყობინების ფუნქციას იყენებენ.

“ფერმერი პირდაპირ უკავშირდება აგრონომს. ვიდეო ზარის, მიმოწერის თუ ზარის საშუალებით, ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ ბაღში სიტუაცია იყოს კონტროლქვეშ და მოხდეს დაავადებების პრევენცია. ეს არა მხოლოდ ზოგავს გასაწევ ხარჯს, არამედ, ეხმარება ფერმერს, გაზარდოს მოსავლის რაოდენობა და ხარისხი”, - აღნიშნავს Agronnect-ის თანადამფუძნებელი.

ირაკლი ჩიქავა აღნიშნავს, რომ პლატფორმის განვითარების გეგმებში ხელოვნური ინტელექტის დახვეწა და ფერმერებისთვის პრობლემის გადაწყვეტის გზების შეთავაზებისას მისი გამოყენებაა.

“ძალიან ბევრ საშუალებაზე ვფიქრობთ, საიდანაც ფერმერი გადაწყვეტებს მიიღებს. ერთ-ერთი ასეთი, რომელსაც ვერ გავექცევით, ხელოვნური ინტელექტია. გამომდინარე იქიდან, რომ ფერმერს აგრონომთან კონსულტაციისთვის ძალიან მოცულობითი მონაცემების გაგზავნა უწევს, გვინდა ეს თუ არა, ხელოვნური ინტელექტი ამაზე სწავლობს: ნახულობს გაგზავნის ფოტო-ვიდეოს, პრობლემის აღწერას, ლოკაციას, ამინდის მონაცემებს - ამ ყველაფერზე დაყრდნობით უწევს აგრონომი კონსულტაციას ფერმერს და ვფიქრობთ, ძალიან კარგი საწყისია იმისთვის, რომ AI გავმართოთ”, - ამბობს ირაკლი ჩიქავა.

მისი თქმით, AI ტექნოლოგიის ინტეგრირება Agronnect-ს საშუალებას მისცემს, კონსულტაციების დრო შეამციროს და პროცესი გაამარტივოს, რაც სერვისის ღირებულებასაც შეამცირებს.

“გვაქვს გათვლა, რომ შევძლებთ, ფერმერებს პრობლემის გადაწყვეტის გზები AI-ის საშუალებით შევთავაზოთ. გადაწყვეტები კი მაქსიმალურად მიახლოებული იქნება პრაქტიკულ, რეალურ გადაწყვეტებამდე. AI-ის დახმარებით, ჩვენ ვეხმარებით აგრონომებს, შეამცირონ მათი საკონსულტაციო დრო.

ამჟამად რეკომენდაციის გასაცემად აგრონომს, საშუალოდ, 28 წუთი სჭირდება. ამ პროცესის ავტომატიზაცია და, დასაწყისისთვის, 20 წუთამდე შემცირება გვინდა. როდესაც აგრონომი ერთსა და იმავე პრობლემას რამდენჯერმე მოისმენს, AI-ის საშუალებით, იგი წინა ფერმერისთვის გაწეულ კონსულტაციას ნახავს, რომლის მოდიფიკაციის საშუალებაც ექნება”, - განმარტავს ირაკლი ჩიქავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები