მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შევიდა თუ არა "იმედის ბანკის" განაცხადი სებ-ში - ნათია თურნავას პასუხი

ნათია თურნავა ეროვნული ბანკი

"განაცხადი ჯერ არ შემოსულა" - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას "ტელეკომპანია იმედის" მიერ ბანკის დაფუძნების გეგმასთან დაკავშირებით.

ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ თუკი მსგავს განაცხადს მიიღებენ, ეს საჯაროდ ცნობილი გახდება. ამასთან, კითხვაზე იქნება თუ არა "იმედის ბანკისთვის" ლიცენზიის მინიჭება სანქციების დარღვევის ხელშეწყობა, ნათია თურნავა პასუხობს, რომ საქართველოში სანქციების დარღვევის ხელშეწყობა არ ყოფილა. განმეორებით დასმულ იგივე კითხვას კი ნათია თურნავა პასუხობს, რომ სპეკულაციაა თითქოს მსგავსი რამ სანქციების დარღვევის ხელშეწყობა იქნება.

შემოვიდა "იმედის ბანკის" განაცხადი?

ნათია თურნავა: "თუ რამე შემოვა იქნება საჯარო. არ შემოსულა ჯერ."

ხომ არ იქნება სანქციების დარღვევის ხელშეწყობა თუ გასცემთ ლიცენზიას?

ნათია თურნავა: "არასოდეს სანქციების დარღვევის ხელშეწყობა ჩვენთან არ ყოფილა."

თუკი სები გასცემს ლიცენზიას ეს იქნება სანქციების დარღვევის ხელშეწყობა.

"ეს არის სპეკულაცია."- აცხადებს ნათია თურნავა.

ტელეკომპანია "იმედის" ახალმა აქციონერებმა დიდი ბრიტანეთის მიერ ტელევიზიის სანქცირებიდან რამდენიმე დღეში, 27 თებერვალს განაცხადეს, რომ სირთულეების მიუხედავად, რამდენიმე კომერციულმა ბანკმა გამოთქვა მზადყოფნა მათთვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით. ამასთან, ტელევიზიის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ისინი სპონსორების დახმარებით ტელეიმედის ბანკის დაფუძნებასაც გეგმავდნენ.

"რამდენიმე ბანკმა, შესაძლო სირთულეების მიუხედავად, გამოთქვა მზადყოფნა საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას.

ჩვენ, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“- ნათქვამი იყო ტელევიზიის მფლობელების განცხადებაში.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთლა "ტელეიმედსა" და "პოსტვ"-ს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის ფინანსური სანქციები დაუწესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები