„გაფრთხილებთ ყველას, დაინახეთ და შეიგრძენით, რომ ქვეყანა და ჩვენი უაღრესად დაღლილი და ყველას მიმართ იმედგაცრუებული საზოგადოება ვეღარ იტანს გაუთავებელ სიძულვილს, ერთი მეორის გამომრიცხავ და გამანადგურებელ არჩევნებს, რევანშის ქადაგებას და განტევების ვაცის გაუთავებელ ძიებას. ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და დაცულობა, რაც მთავარია, ქვეყნის მომავლის დანახვა და ამ ქვეყანაში საკუთარი პერსპექტივის აღმოჩენა და დაჯერება. ამიტომ, დღეს, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას ერთობა სჭირდება, რადგან საზოგადოებას აღარ სჯერა და აღარ სურს იხილოს არაერთხელ უკვე გავლილი პარტიების გაერთიანების სქემები. ასევე, არ სჯერა ცალ-ცალკე, ტოტალურ გამარჯვებაზე გამოცხადებული პრეტენზიების. სჭირდება რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება და ენერგიის მობილიზება.
"მიზანი გაგვაჩნია - ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ, მომავლის ქარტია -„ერთობის პლატფორმა ევროპისთვის!“-საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტი ოპოზიციას მიმართავს და აღნიშნავს, რომ მათ გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრიათ, რომ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და დაპირისპირება დაასრულონ, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი საქმე არ არის ოპოზიციას გაერთიანების ან დაშლისკენ უბიძგოს, თუმცა ქვეყნის მთავარ პრიოტიტეტზე შეჯერება უნდა შეძლონ.
„საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა. ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, რომ მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა.
მივმართავ საზოგადოებას - მიზნის მიღწევაში, თქვენი როლი და ჩართულობა გადამწყვეტი იქნება. ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე უცნაურია, თუ რატომ უნდა ვრცელდებოდეს, ან ვიღაც ცდილობდეს გაავრცელოს ერთგვარი უიმედობა, თვითგმობა და პესიმიზმი. დღეს ჩვენს ქვეყანაში ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. არცერთს არ გვაქვს უფლება, რომ გავჩერდეთ, ინერციას მივყვეთ, თუ უმოქმედობას მივეცეთ და ხელიდან გავუშვათ ჩვენი მომავლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ხელმისაწვდომი შესაძლებლობა. ეს არჩევნები ჩვენს მომავალს განსაზღვრავს. თქვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა აქტიურად ჩაერთოთ ამ არჩევნებში. აქტიურად ჩართვა ნიშნავს სრულ მობილიზაციას. თუ მომავალი დღეს წყდება, ამ მომავლის შექმნაში არმონაწილეობა დანაშაულია!
არ გეგონოთ, რომ ამ ისტორიული ამოცანის წინაშე, მე არ ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას, არა როგორც კონკრეტული სამართლებრივი ან მატერიალური ბერკეტების მქონე, არამედ როგორც მორალური ძალა და სახელმწიფოებრივი პოზიციის გამტარებელი; ამიტომ ამ ძალიან რთულ პერიოდში, მე თქვენს გვერდით ვიქნები, როგორც ამ პროცესების დამკვირვებელი, შემდუღებელი და ზედამხედველი.... ვიღაცას შეიძლება იმედი ჰქონდა, ან კიდევ აქვს, რომ წყენა, შევიწროება, ან სხვა რამ დამღლიდა, გამტეხდა და უარს მათქმევინებდა თქვენ წინაშე დადებულ ფიცზე. პირიქით, მე ამ ფიცის უზარმაზარ ძალას დღესაც ვგრძნობ და ბოლომდე ვიქნები ჩემს ადგილზე, ამ ფიცის და კონსტიტუციის ბოლომდე ერთგული,“-აცხადებს ზურაბიშვილი.
მისივე ცნობით, ვიღაცას შეიძლება ძალიან აწყობდეს, რომ გადაიყვანოს პოლიტიკური ჭიდილის არენაზე და რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციის, თუ ოპოზიციის ლიდერად წარმოაჩინოს. მაგრამ მისი თქმით, ეს გზა მას უკვე გავლილი აქვს და სჯერა, რომ ქვეყანას დღეს სწორედ უპარტიო თუმცა, არა უპრინციპო, სტრატეგიული ხედვის და არა პოლიტიკური ამბიციის და პირადი ინტერესების მქონე სახელმწიფო ლიდერი სჭირდება, რომელიც ბოლომდე ემსახურება მთავარ მიზანს: საბჭოთა წარსულის ევროპული მომავლით ჩანაცვლებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის სამუდამოდ გამყარებას თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული ოჯახის წიაღში.
„მჯერა, რომ უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ მანდატის დროს გადაიდგა ევროპისკენ ესოდენ გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ჩემი ჩართვის მთავარი მიზანი იყო და არის. არ ვაპირებ და არ მჭირდება ვინმეს შევეჯიბრო იმაში, თუ რა წვლილი მიმიძღვის ამ გამარჯვებაში, რამეთუ ეს საქართველოს მიღწევაა! ახლა გარჩევების დრო არაა, არამედ ამ მიღწევის ბოლომდე მიყვანის დროა! მე, პირადად, ამ მიზნის ბოლომდე მისაღწევად არ დავიშურებ ძალასა და ენერგიას, მცდელობას არ მოვაკლებ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.
მე მზად ვარ ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო და ჩემს ადმინისტრაციასთან დავაარსო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას. ამ მიზნით, მომავალ დღეებში ვაპირებ მოვიწვიო პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები. ეს მიდგომა ინკლუზიური უნდა იყოს და მზად ვარ შევხვდე და მოვუსმინო ყველას. სხვა გამარჯვების ფორმულა არ არსებობს, რამეთუ წარსულიდან წამოსული დაქსაქსულობა და დაპირისპირება, მხოლოდ სკეპტიციზმს და უიმედობას გააღვივებს, რაც პირველ რიგში, ქვეყანას ასუსტებს“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, გამარჯვების ფორმულაში არ იგულისხმება რომელიმე მხარის, თუ პარტიის გამარჯვება, არამედ ერთობის, ევროპულობის და ქვეყნის გამარჯვება. ისე, როგორც 15 დეკემბერს გაიმარჯვა მთლიანად საქართველომ, ასევე ახლაც საქართველო უნდა გამოვიდეს გამარჯვებული: რეფორმების გატარებითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ეს სტაბილურობის, მშვიდობისა და წინსვლის ერთადერთი გარანტიაა.
ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ როგორც აქამდე, მისი პოლიტიკური გზის ყველა ეტაპზე, მისი როლი უცვლელი იქნება.
„ვიდგები დამოუკიდებლობის, ეროვნულობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის სადარაჯოზე. როგორც დღემდე, ისე ხვალაც ბოლომდე კატეგორიულად შევეწინააღმდეგები საბჭოთა, რუსულ წარსულში მიბრუნებისას ყველა მცდელობასა და ევროპული შესაძლებლობების საბოტაჟს. დაბოლოს, მინდა ყველასთვის ნათელი იყოს, რომ ეს მშვიდობიანი, სამართლიანი და თანასწორი მომავალი მხოლოდ ჩვენ კი არ გვეკუთვნის, არამედ ეკუთვნის მათ, ვინც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ვეღარ იცავს ვერც ელემენტარულ ადამიანის უფლებებს, ვერც საკუთარ კულტურულ იდენტობას, ვერც ენას, და ვეღარც მიწებს ძალადობრივ გასხვისებისგან. ამის სანაცვლოდ, წინ გვესახება ევროპაში ერთად შესვლის საიმედო და სანდო გზა. ეს არის ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო მომავალი, ეს არის ჩვენი ხალხის ნება და ჩვენი ვალია ეს ნება აღვასრულოთ!“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის,პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატები, საპატრიარქოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.