დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 24 დეკემბრიდან დაგეგმილი შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს საბჭო კვირის ბოლოს გადაწყვეტს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„დღეს საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი განვიხილეთ. საბჭო შეჯერდა, რომ ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ეპიდსიტუაციის განვითარებას და გადაწყვეტილებები თუ რა ზომით და რა მასშტაბით შემსუბუქება შეზღუდვები, კვირის ბოლოს იქნება მიღებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, NCDC შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით რადიკალური გადაწყვეტილებების მომხრეა, თუმცა საბჭო დაბალანსებულ გადაყვეტილებას იღებს.
„კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა შეიძლება გაიხსნას და რა - არა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ თვალსაზრისით უფრო რადიკალურია, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო იღებს ბალანსირებულ, შეჯერებულ გადაწყვეტილებას, რადგან გასათვალისწინებელია ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, შესაბამისად, გადაწყვეტილება ბალანსირებული იქნება“, - აღნიშნა NCDC-ის ხელმძღვანელმა.




























