დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქების მიმართულებებზე იმსჯელეს, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.
„რა შეიძლება გაიხსნას და რა - არა, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, წინასწარ ვერ გეტყვით. დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა და ამას ვერ გამოვიტან გარეთ. ყოველთვის ვაფიქსირებ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ძალიან რადიკალურია, ამიტომ ჩემი დღევანდელი გზავნილი და ჩემი ხედვა არის ის, რომ ჩვენ მომხრე ვართ ძალიან მინიმალური შემსუბუქების, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს იმას, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდოს“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციაში საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
მისივე თქმით, შეზღუდვების სრულად მოხსნა ინფიცირების დღიურ მაჩვენებელს 5 000 - 6 000-მდე გაზრდის.
"24 დეკემბერს თუ ჩვენ ყველაფერს გავხსნით, მობილობა სერიოზულად გაიზრდება. პირდაპირ გეტყვით, ინფიცირების მაჩვენებელი გაიზრდება და ავარდება 5 000 – 6 000-ზე და მეტზე და შესაბამისად, პროცენტი იანგარიშეთ მერე რამდენი ადამიანი მოხვდება ჰოსპიტალში და რამდენი შეიძლება დამძიმდეს“, - თქვა გამყრელიძემ.




























