მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ავიარეისებზე მოთხოვნა გაიზარდა - როგორია აღდგენის დინამიკა?

63f12bc00be0c
ნინო ტაბატაძე
20.02.23 10:31
816
2023 წლის იანვარში შიდა ფრენებით 1757-მა მგზავრმა ისარგებლა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ BMG-სთვის მოწოდებული სტატისტიკით, ქვეყნის შიგნით საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკაა. სააგენტომ მონაცემები მხოლოდ წლიურ ჭრილში მოგვაწოდა, თუმცა არქივში მოძიებული მასალებით ჩანს, რომ მგზავრთნაკადი მაგალითად, მესტიის მიმართულებით გაზრდილია.

მესტიის აეროპორტის მეშვეობით იანვარში გადაყვანილ იქნა 1101 მგზავრი. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში, აეროპორტი 209 მგზავრს მოემსახურა (ზრდა 427%); 2019 წლის იანვარი კი, 401 მგზავრის მომსახურება მოხდა.

ამბროლაურის აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 90 მგზავრი. შარშან იანვარში, აეროპორტი 125 მგზავრს მოემსახურა (კლება 28%); (2019 წლის იანვარი 107 მგზავრი):

ნატახტარის აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილია 1642 მგზავრი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 308-ს შეადგენდა (ზრდა 433%);

ნატახტარი - ბათუმის მიმართულებით გადაყვანილია 566 მგზავრი, ხოლო ქუთაისი - მესტიის მიმართულებით 115 მგზავრი.

ჯამურად, იანვრის მონაცემებით, შიდა ფრენებით 1757-მა მგზავრმა ისარგებლა, გასული წლის იანვარში გადაყვანილ იქნა 872 მგზავრი. შესაბამისად, შიდა ფრენების მხრივ სახეზეა მგზავრთნაკადის 101%-იანი ზრდა.

შიდა ავიარეისებს ავიაკომპანია „აკ-ეარ ჯორჯია“ ასრულებს, რომელიც „სერვის ეარ ჰოლდინგის“ ნაწილია. „სერვის ეარის“ აღმასრულებელი დირექტორის, იგორ აფციაურის განცხადებით, კომპანია წელს მნიშვნელოვან ზრდას ელის.

„ზაფხულის სეზონისთვის ბევრ ტურისტს ველით, მაგრამ ახლა რასაც ვაკვირდებით, ზამთრის სეზონზეც მოთხოვნა ძალიან დიდია. მაგალითად, ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე ისეთი დიდი მოთხოვნაა, 2-ჯერ და 5-ჯერ ვნიშნავთ ფრენებს, რადგან რეისები აბსოლუტურად სავსეა. ასევე დავფრინავთ ამბროლაურის მიმართულებით, ნატახტარი-ბათუმის მიმართულებით“, - აღნიშნა „საქმის კურსთან“ იგორ აფციაურმა.

„სერვის ეარი“ მიმდინარე წელს აეროპორტების გაერთიანების მხრიდან შიდა ფრენებზე ახალი ტენდერის გამოცხადების მოლოდინშია. იგორ აფციაური ამბობს, რომ ამის შემდეგ კომპანია 2 მიმართულების - ბათუმი-თელავის და ბათუმი-ქუთაისის დამატებას განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები