"ავიაკომპანიისა და სახელმწიფოს ინტერესები ფრენებზე ერთმანეთს ვერ ემთხვეოდა", - ამის შესახებ “აკეარ ჯორჯიას” ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა განაცხადა. როგორც ირინა მღებრიშვილმა BMG-სთან აღნიშნა, კომპანიისთვის მთავრობის მიერ გამოცხადებული შიდა ფრენების ტენდერი საინტერესო არ იყო.
"კომპანია რითაც არის დაკავებული, ეს ნატახტრის აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ავიაკომპანიის გაძლიერებაა. გვინდოდა, ოპერირება ნატახტრიდან გაგვეგრძელებინა. სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნა მხოლოდ თბილისის აეროპორტიდან იყო. აქედან გამომდინარე, კომპანიამ ჩათვალა, რომ თბილისის აეროპორტიდან ოპერირებას აზრი არ ჰქონდა. ეს აეროპორტი [ნატახტრის] ფუნქციას დაკარგავდა.
თბილისიდან ფრენის შემთხვევაში, თბილისსა და იმ წერტილებს შორის, რომლებიც გამოცხადებული იყო: ამბროლაური, ბათუმი, მესტია, თელავი უფრო მეტ დროს მოითხოვდა ფრენა, რაც მაღალი ხარჯის მატარებელია. დაახლოებით 20-22%-ით მეტი სჭირდება", - განაცხადა ირინა მღებრიშვილმა.
ირინა მღებრიშვილის თქმით, ტენდერის ჩაშლის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის შეხვედრა შედგა. "აკეარ ჯორჯიამ" საკუთარი პირობა კვლავ დააფიქსირა. მისი ინფორმაციით, მთავრობა პოზიციას ამ ეტაპზე არ ცვლის.
"შეხვედრა აეროპორტების გაერთიანებაში და ეკონომიკაში იყო. აინტერესებდათ, რა იყო ის მიზეზი, რამაც ჩვენი მხრიდან უარი გამოიწვია. ყველაფერი ავუხსენით. სახელმწიფოს თავისი პოზიცია აქვს, ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს. თუ მომავალ ტენდერში კომპანიების მსოფლმხედველობის თანხვედრა გათვალისწინებული იქნება, პრობლემა არ არის. ჩვენ სურვილი გვაქვს, ოღონდ ნატახტრის აეროპორტიდან", - აღნიშნა ირინა მღებრიშვილმა.
მაისში შიდა ფრენებზე გამოცხადებული 23.1 მლნ ლარის ორი ტენდერი პრეტენდენტების არ არსებობის გამო ჩავარდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი განმარტავს, რომ ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს დისკუსია პოზიციების შესაჯერებლად და პროცესი, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დასრულდება, რის შემდეგაც ახალი ტენდერი გამოცხადდება.
როდის გამოცხადდება ახალი ტენდერი, ჯერჯერობით უცნობია. მანამდე, შიდა ფრენებს კვლავ "აკეა ჯორჯია" შეასრულებს, რომელმაც მთავრობას საბოლოო ვადა წლის ბოლომდე მისცა.