მთავრობამ შიდა ფრენების შესახებ განკარგულება გამოაქვეყნა. სწორედ ამ განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ აქვს აეროპორტების გაერთიანებას ტენდერის მყისიერად გამოცხადება დაანონსებული.
განკარგულების პროექტი, რომლითაც შიდა ფრენების ტარიფები და სიხშირეები დგინდება, მთავრობის 27 მარტის სხდომაზე განიხილეს. გამოქვეყნებული განკარგულებით, დაგეგმილია თბილისი-ბათუმი-თბილისის, ასევე მესტია-ბათუმი-მესტიის, თელავი-ბათუმი-თელავისა და სხვა, ჯამში 11 ადგილობრივი ავიარეისების შესრულება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამურად 18 მილიონზე მეტი ლარი გამოიყოფა. აქამდე, შიდა ფრენებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა წელიწადში 8 მლნ ლარი იყო.
მიმართულებების მიხედვით კი, საქართველოს მთავრობის განკარგულებით „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ეთხოვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით საჰაერო ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვა თბილისი-ბათუმი-თბილისის ავია მიმართულებაზე ჯამური ღირებულებით არაუმეტეს 3 049 973 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ავიარეისები კი ხელშეკრულების დადებიდან 2 წლის ვადით უნდა შესრულდეს.
რაც შეეხება მესტია-ბათუმი-მესტიის, თელავი-ბათუმი-თელავისა და სხვა რეისებს, აეროპორტების გაერთიანებამ ცალკე ტენდერი უნდა გამოაცხადოს ჯამური ღირებულებით არაუმეტეს 5 601 140 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ამ შემთხვევაში ავიარეისები 1 წლის განმავლობაში შესრულდება
ამ ტენდერის ფარგლებში მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს ავიარეისები შემდეგი 11 მიმართულებებით:
- მესტია-ბათუმი-მესტია – შესასყიდი ადგილი/ერთი გზა-15 – მომსახურების ფასი – ერთი გზა – 168$
- თელავი-ბათუმი-თელავი – 40 ადგილი – 129$
- მესტია-ქუთაისი-მესტია – 15 ადგილი – 110$
- მესტია-თბილისი-მესტია – 15 – 182$
- მესტია-ამბროლაური-მესტია – 15 – 75$
- მესტია-თელავი-მესტია – 15 – 187$
- თბილისი-ამბროლაური-თბილისი – 40 – 103$
- თელავი-ამბროლაური-თელავი – 40 – 108$
- თბილისი-ქუთაისი-თბილისი – 40 – 77$
- თელავი-ქუთაისი-თელავი – 40 – 87$
- თელავი-თბილისი-თელავი – შესასყიდი ადგილი/ერთი გზა-40 – მომსახურების ფასი – ერთი გზა – 50$
განკარგულების მიხედვით, „მიმწოდებელი შეიძლება იყოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მქონე რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი“, ამასთან აღნიშნული მოწმობა „შესაძლებელია გაცემული იყოს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მიერ, იმ შემთხვევაში თუ იგი აღიარებულია საქართველოში“.
მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულია ერთ გზაზე შესასყიდი ადგილების რაოდენობა და ერთი გზის ფასი, რასაც „აეროპორტების გაერთიანება“ მიმწოდებელს მომსახურებაში გადაუხდის.
თბილისი-ბათუმი-თბილისის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის, ანუ 2 წლის განმავლობაში შესასყიდი ადგილების რაოდენობა ორივე მიმართულებით ჯამში საორიენტაციოდ არის 26 560 ადგილი.
რაც შეეხება გამოსაცხადებელ მეორე ტენდერს ორივე მიმართულებით შესასყიდი ადგილების საორიენტაციო რაოდენობა ჯამურად 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს 47 760 ადგილი.
აღსანიშნავია, რომ განკარგულების სატენდერო პირობებში არსად არ არის ნახსენები ნატახტარის აეროპორტი და მის ნაცვლად, ყველგან მითითებულია - თბილისი.