შიდა ფრენებზე გამოცხადებული 23.1 მლნ ლარის ორი ტენდერი პრეტენდენტების არ არსებობის გამო ჩავარდა.
მთავრობის განკარგულების საფუძველზე, აეროპორტების გაერთიანებამ ტენდერები 3 აპრილს გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერი ეხებოდა შიდა ფრენებს, რომელიც ორ ნაწილად გამოცხადდა, ჯამში 12 მიმართულებაზე. მათ შორის, ავიარეისები ახალი მიმართულებებითაც შესრულდება.
BMG შიდა ავიაკომპანიებთან ცდილობს გაარკვიოს, რატომ არ მიიღეს მონაწილეობა ტენდერში, რომელიც სუბსიდირებულია.
აღსანიშნავია, რომ შიდა ფრენების უმეტესობას, რომელსაც მთავრობა ასუბსიდირებს, ამ დრომდე AK-Air Georgia ემსახურება. ავიაკომპანიამ ტენდერში 2018 წელს გაიმარჯვა, ამის შედეგ ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა და მისი ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. ასევე თბილისი-ბათუმის შიდა ავიარეისს ამჟამად „ჯეო სქაი“ ასრულებს.
შიდა ფრენების სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2023 წელს 8 მლნ ლარი გამოიყო.