სახელმწიფო შიდა ფრენებზე ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად ემზადება - ამის შესახებ BM.GEის ინფორმაცია “აკ-ეარ ჯორჯიას” ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა განუცხადა. როგორც მღებრიშვილი ამბობს, ხელშეკრულება “აკ-ეარ ჯორჯია”-თან 6 თვის გახანგრძლივდა, თუმცა მოლაპარაკებების დროს იყო საუბარი ახალ ტენდერზეც, რომელიც დამატებითი მიმართულებების შესრულებასაც გულისხმობს. მღებრიშვილის თქმით, იმისთვის, რომ ფრენების უწყვეტობა შენარჩუნდეს, სახელმწიფოს მოუწევს ტენდერი აპრილში მაინც გამოაცხადოს, რომელსაც წინ ფასების კვლევა უნდა უსწრებდეს.
“ხელშეკრულება გახანგრძლივდა, მოქმედების ვადა გაიზარდა ექვსი თვით, ანუ 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით. ჩვენ ფრენებს ვაგრძელებთ იმავე განრიგით და იმავე სიხშირით, იმავე მიმართულებით და, რაც მთავარია, იგივე ფასებით, რაც იყო ბოლო შეთანხმებით, 2025 წლის შეთანხმების ფასებით.
სავარაუდოდ, ექვსი თვით გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ წინასწარი მოლაპარაკებების დროს, შეხვედრისას იყო ასეთი პოზიცია, რომ ალბათ უკვე მზად იქნება შემსყიდველი, რომ 2026 წლის გაზაფხულზე გამოაცხადოს ახალი ტენდერი. ისევ დაიწყოს ხელახლა ბაზრის კვლევა.
ჩვენს შემთხვევაში იყო, რომ ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა იგივე პირობებით, იგივე ხომალდით, იგივე სიხშირით, თუ შეგვეძლო იგივე ფასით, რაც მთავარია, მომსახურების მიწოდების გაგრძელება და ჩვენ ვიმსჯელეთ და გავაგრძელეთ, დავეთანხმეთ, რადგან პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და კომპანიისთვისაც უკვე ნამდვილად არ არის მძიმე ტვირთად ამ ხელშეკრულების შესრულება, ვინაიდან 2025 წლის პირველ ნახევარში კარგად დარეგულირდა უკვე ფასი და სიხშირეებიც უკვე გაზრდილია საკმაოდ, რაც კომპანიის ფინანსურ მდგრადობას უფრო მეტად განაპირობებს.
ჩვენი ინტერესია, რომ ფრენები კვლავ იყოს ნატახტრის აეროპორტიდან. ვნახოთ, ჯერჯერობით 2026 წლის ბაზრის კვლევა არ გამოცხადებულა, იმედია უახლოესი თვე-ნახევრის ან ორი თვის განმავლობაში გამოცხადდება. ვინაიდან ივნისში სრულდება ეს ფრენები ჩვენი შეთანხმებით, იმისათვის, რომ უწყვეტობა იყოს შენარჩუნებული, სავარაუდოდ მაქსიმუმ აპრილის შუა რიცხვებში უკვე უნდა იყოს ტენდერი გამოცხადებული.
პროექტი სახელმწიფოს მხრიდან ისევ იგივეა, უკეთესი ამბავი ის არის, რომ დამატებითი მიმართულებებია კიდევ ბევრი და მოთხოვნა არის სახელმწიფოს მხრიდან უკვე, რომ არა ერთი საჰაერო ხომალდი და თუნდაც ოთხი ეკიპაჟი გყავდეს, მინიმუმ ორ საჰაერო ხომალდზეა საუბარი.”-ამბობს “აკ-ეარ ჯორჯიას” ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი ირინა მღებრიშვილი.
როგორც ცნობილია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენების შემსრულებელ კომპანია „აკ-ეარ ჯორჯიას" ხელშეკრულება 2026 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივა.
უკვე რამდენიმე წელია შიდა ფრენებს ავიაკომპანია „აკ-ეარ ჯორჯია" ახორციელებს, მასთან სახელმწიფომ ხელშეკრულება 2018 წელს გააფორმა და ამის შემდეგ ვადას უხანგრძლივებს. 2024 წელს სახელმწიფო კომპანიამ შიდა ფრენებზე ჯამში ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ღირებულება 23 მლნ ლარს აღემატებოდა, ტენდერები ჩაიშალა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო.



























