მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შიდა ფრენებზე აეროპორტების გაერთიანებამ "აკ-ეარს" კონტრაქტი წელსაც გაუხანგრძლივა - რა რეისები არის დაგეგმილი

აკ-ეარი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენების შემსრულებელ კომპანია „აკ-ეარ ჯორჯიას" ხელშეკრულება 2026 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივა.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ხელმოწერისთანავე და ძალაშია მხარეთა მიერ მათზე დაკისრებული ვალდებულებების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა.

დოკუმენტის მიხედვით, შიდა ფრენები ნატახტრიდან შესრულდება მესტიის, ამბროლაურის, ქუთაისის, ბათუმის და თბილისი-ბათუმის მიმართულებებზე. აღსანიშნავია, რომ თბილისი-ბათუმის რეისის შესრულება 2025 წლის კონტრაქტითაც იყო გათვალისწინებული, თუმცა ბათუმში ფრენები მხოლოდ ნატახტრიდან სრულდებოდა.

უკვე რამდენიმე წელია შიდა ფრენებს ავიაკომპანია „აკ-ეარ ჯორჯია" ახორციელებს, მასთან სახელმწიფომ ხელშეკრულება 2018 წელს გააფორმა და ამის შემდეგ ვადას უხანგრძლივებს. 2024 წელს სახელმწიფო კომპანიამ შიდა ფრენებზე ჯამში ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ღირებულება 23 მლნ ლარს აღემატებოდა, ტენდერები ჩაიშალა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო.

რაც შეეხება ფასებს, ნატახტარი-მესტიის ფასი 90 ლარია, ნატახტარი-ამბროლაურის რეისის ფასი კი 50 ლარს შეადგენს. ნატახტრიდან-ბათუმში გაფრენა 125 ლარი ღირს, ხოლო მესტია-ქუთაისის რეისის ფასი 50 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები