„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თბილისი - ბათუმი - თბილისი ავიარეისების სუბსიდირებისთვის ახალ ტენდერს აცხადებს.
ტენდერის ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 1 980 607 ლარია. წინადადებების მიღება 27 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბერს დასრულდება.
შერჩეულ ავიაკომპანიას სულ მცირე ერთი, არანაკლებ 50 ადგილიანი თვითმფრინავი უნდა ჰყავდეს. მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება შესაბამისი მომსახურების დაწყების თარიღიდან, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
შესასრულებელი რეისების საორიენტაციო რაოდენობა კვირაში არაუმეტეს 5 რეისია. მომსახურების ღირებულება შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ანაზღაურდეს შემდეგი წესით:
o ერთი ადგილის ღირებულება - არაუმეტეს, 58 აშშ დოლარი;
o მაქსიმალური ასანაზღაურებელი ადგილების რაოდენობა რეისზე, თითო მიმართულებით 100 ადგილი, ჯამურად ორივე მიმართულებით - 200 ადგილი;
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე თბილისი-ბათუმის ავიარეისებს, სახელმწიფო სუბსიდიით, „აკ-ეარ ჯორჯია“ ახორციელებდა, რომელსაც შიდა ფრენების შესრულებაზე აეროპორტების გაერთიანებამ ხელშეკრულება 2023 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელა.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ამ პერიოდში „აკ-ეარ ჯორჯიას“ საშუალება მიეცა თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისების ნაცვლად, ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის რეისები შეასრულოს.
ივლისიდან ქართულ საავიაციო ბაზარზე შიდა ფრენები ახალმა ავიაკომპანია Georgian Wings-მა დაიწყო. ის საჰაერო სატვირთო ავიაკომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულებაა. Georgian Wings-ი 70-ადგილიანი საჰაერო ხომალდით 31 ივლისიდან ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კვირაში 12 სიხშირით ასრულებს.
შიდა ფრენების სუბსიდირებაზე ბოლოს ტენდერი 2018 წელს გამოცხადდა. გამარჯვებულ "აკ-ეარ ჯორჯიას" კი, ხელშეკრულება რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად ემზადება.