სახელმწიფოს სუბსიდირების მიუხედავად, კომპანია ზარალზე მუშაობს - ამის შესახებ BM.GE-ის “აკეარ ჯორჯიას” ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა განუცხადა.
პრემიერის განკარგულებით, შიდა ფრენების ხელშეკრულება კიდევ ერთხელ, ამჯერად 3 თვით გახანგრძლივდა.
1 მარტს გამოცემული განკარგულების მიხედვით, კომპანიებს, რომლებიც შიდა ფრენებს ახორციელებენ უფლება 31 მაისის ჩათვლით ექნებათ.
კვლავ უცნობია, როდის გამოცხადდება ახალი ტენდერი, თუმცა მისაღები პირობების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ წინასწარი ინტერესი არსებობს.
"ჩვენც გუშინ გავიგეთ განკარგულების გახანგრძლივების შესახებ და ახლა სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. გაფორმდება მხარეთა შორის შეთანხმება 2018 წლის ხელშეკრულების პირობებით.
ახლა ახალი ტენდერის გამოცხადებას ველოდებით, რომლის პირობებიც აბსოლუტურად უცნობია ჩვენთვის. ვიცით მხოლოდ ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოიაზრება ახალი ფრენების დამატება, მესტია-ბათუმი და მესტია-თელავის მიმართულებით, რაც ჩვენთვის ცალსახად საინტერესოა. უბრალოდ არ ვიცით მეტი დეტალი, შესაბამისად, კომპანია არ არის მზად რაიმე წინადადება თავად წამოაყენოს. ინტერესი გვაქვს ცალსახად. წინასწარი განწყობა ასეთია, რომ ტენდერის პირობები თუ მისაღები იქნება მონაწილეობას მივიღებთ", - განაცხადა ირინა მღებრიშვილმა.
დღეისთვის შიდა ფრენების შემსრულებელი კომპანიის ფინანსური მენეჯერი აღნიშნავს, რომ ზარალის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი არასაკმარისი სიხშირეების მიწოდებაა.
"ამ ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია ყოველ წელს ზარალით ამთავრებს, მიუხედავად იმისა, რომ ფრენები სუბსიდირებულია. მიზეზი ისაა, რომ ტენდერით გამოცხადებული რამდენი სიხშირეც უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივი ათვისება იმდენი არ არის. არადა, ფასი ტენდერის პირობებში გაწერილი სიხშირით გვაქვს შეთავაზებული. ამ 4 წელში, 1 000 რეისზე გათვლილი ფასით შევედით ბაზარზე და შევასრულეთ 600 რეისი. მარტივია, რატომ არის ხარჯი დიდი და მოგება ნაკლები. ეს ვერ იქნება მხოლოდ პანდემიის ბრალი. კომპანია მზად არის სიხშირეების ზრდისთვის, უბრალოდ, დამკვეთი [სახელმწიფო] არ გვაწვდიდა შესაბამის სიხშირეებს", - განმარტავს "აკეარ ჯორჯიას” ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი.
აღსანიშნავია, რომ შიდა ფრენების უმეტესობას, რომელსაც მთავრობა ასუბსიდირებს, AK-Air Georgia ემსახურება. ავიაკომპანიამ ტენდერში 2018 წელს გაიმარჯვა, ამის შედეგ ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა და მისი ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. ასევე თბილისი-ბათუმის შიდა ავიარეისს ამჟამად „ჯეო სქაი“ ასრულებს.
შიდა ფრენების სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2023 წელს 8 მლნ ლარი გამოიყო.
AK-Air Georgia ახალი ტენდერის გამოცხადებას პოსტ პანდემიური პერიოდიდან ითხოვს იმ მოტივით, რომ ძველ ხელშეკრულებაში გაწერილი ტარიფები რეალობას არ შეესაბამება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით კი, მთავრობა შიდა ავიარეისების შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად ახალ ტენდერზე მუშაობს, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოში რეგისტრირებულ სამივე სამგზავრო ავიაკომპანიას შეეძლება ( ჯეო სქაი, ჯორჯიან ეარვეისი, აკ-ეარ ჯორჯია).