საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, სუბსიდირებული შიდა ფრენების განმახორციელებელი კომპანია "აკეარ ჯორჯია" რიგ შემთხვევაში, მოთხოვნის მიუხედავად რეისების შესრულებას ვერ ახერხებდა. ასე პასუხობენ გაერთიანებაში BM.GE-ის კითხვას, რატომ ვერ აითვისა "აკეარ ჯორჯიამ" ტენდერით განსაზღვრულ ფრენის სიხშირეები სრულად.
"აღსანიშნია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კომპანია, მოთხოვნის მიუხედავად, რეისების შესრულებას ვერ ახერხებდა. მათ შორის, არ ჰყავდა სათანადო ხომალდების რაოდენობა" - აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
საქმე ის არის, რომ "აკეარ ჯორჯიას” ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, რომ კომპანია ყოველ წელს ზარალზე მუშაობს, ერთ-ერთი მიზეზი კი სახელმწიფოს მხრიდან ფრენების არასათანადო სიხშირით მიწოდებაა.
ფაქტს, სხვაგვარად განმარტავს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. უწყება წერს, რომ კონტრაქტის თანახმად, მხარეებს შორის განისაზღვრა საორიენტაციო და არა ფიქსირებული ზედა ზღვარი, რომლის ფარგლებში შემსრულებელს შემსყიდველი მხარის მოთხოვნა უნდა შეესრულებინა.
"კონტრაქტის თანახმად, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით ასეთ საორიენტაციო ზედა მაჩვენებლად 1287 ფრენა განისაზღვრა და ცალსახად აღინიშნა, რომ ეს მაჩვენებელი მხოლოდ ზედა ნიშნულია, რომლის ფარგლებშიც შემსყიდველ მხარეს აქვს ფრენების დაკვეთის შესაძლებლობა და არა გარანტირებული ვალდებულება. ამის მკაფიო ჩანაწერს მოიცავს სატენდერო პირობა.
2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, კომპანიამ ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით 1163 ფრენა შეასრულა, რაც სატენდერო პირობებით განსაზღვრული საორიენტაციო ფრენების ზედა ზღვრის დაახლოებით 90%-ია. ამასთან, შემსყიდველის მხრიდან ფრენების დაკვეთა მოხდა მხოლოდ მოთხოვნიდან და ამისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის მოცულობის გათვალისწინებით.
ამავე დროს, აღსანიშნია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კომპანია, მოთხოვნის მიუხედავად, რეისების შესრულებას ვერ ახერხებდა. მათ შორის, არ ჰყავდა სათანადო ხომალდების რაოდენობა, რადგან, რა სახეობის საჰაერო ხომალდით უნდა შეესრულებინა ფრენა მაღალმთიან რეგიონებსა და ბათუმში, ესეც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან გამოცხადდა ახალი ტენდერი. შედეგად, გამოვლინდა ახალი კონტრაქტორი კომპანია, რომელმაც დაიწყო ფრენების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით. ამ დრომდე, შესრულებულია დაახლოებით 80 რეისი, რაც ასევე დააკლდა პირველი კონტრაქტით განსაზღვრულ ზედა საორიენტაციო ოდენობას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თავის კონტრაქტორ კომპანიებთან მოქმედებდა და დღემდე საქმიანობს მხოლოდ და მხოლოდ სატენდერო დოკუმენტაციის ფარგლებში და კონტრაქტით გათვალისწინებული ნორმები", - წერს აეროპორტების გაერთიანება bm.ge-ის კითხვების საპასუხოდ გამოგზავნილ წერილში.
აღსანიშნავია, რომ პრემიერის განკარგულებით, შიდა ფრენების ხელშეკრულება კიდევ ერთხელ, ამჯერად 3 თვით გახანგრძლივდა. 1 მარტს გამოცემული განკარგულების მიხედვით, კომპანიებს, რომლებიც შიდა ფრენებს ახორციელებენ უფლება 31 მაისის ჩათვლით ექნებათ. შიდა ფრენების უმეტესობას, რომელსაც მთავრობა ასუბსიდირებს, AK-Air Georgia ემსახურება. ავიაკომპანიამ ტენდერში 2018 წელს გაიმარჯვა, ამის შედეგ ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა და მისი ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა.