მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვამზადებთ სატენდერო პირობებს" - როდის გამოცხადდება შიდა ავიარეისებზე ტენდერი?

მარიამ ქვრივიშვილი
01.03.24 18:23
948

წელს შიდა ფრენების განვითარებაში მნიშვნელოვანი რესურსი ჩაიდება - ამის შესახებ მედიასთან ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, შიდა ფრენები საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა, თუმცა მას შიდა მობილობის ხელშეწყობის გარდა, გარკვეული სოციალური დატვირთვაც აქვს, სწორედ ამიტომ წელსაც შიდა ავიარეისების სუბსიდირება გაგრძელდება.

„შიდა ფრენები საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შიდა ფრენების არსებობამ ხელი შეუწყოს შიდა მობილობისა და ტურისტული ნაკადების ზრდას, ამას ასევე აქვს სოციალური დატვირთვა ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში და წვდომა სჭირდებათ დედაქალაქსა და სხვა რეგიონებთან, ხელმისაწვდომი ფასებით და სწრაფად. სწორედ აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელსაც მნიშვნელოვან ძალისხმევას და რესურსს ჩავდებთ, რომ შიდა ფრენების ოპერირება ეფექტურად გაგრძელდეს“,- აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა შიდა ავიარეისების შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად ახალ ტენდერზე მუშაობს, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოში რეგისტრირებულ სამივე სამგზავრო ავიაკომპანიას შეეძლება ( ჯეო სქაი, ჯორჯიან ეარვეისი, აკ-ეარ ჯორჯია).

„გუშინ განვაცხადეთ, რომ შევარჩიეთ პროექტი, რომლის მიხედვითაც თელავის აეროპორტი აშენდება. ჩვენ გავაერთიანებთ ყველა შიდა აეროპორტს და დავაკავშირებთ ყველა საერთაშორისო აეროპორტთან, რათა უზრუნველყოთ სწრაფი მოძრაობა ქვეყნის რეგიონებს შორის, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ინდუსტრიის გაძლიერებისთვის. ვამზადებთ სატენდერო პირობებს, რომ ძალიან მოკლე პერიოდში გვქონდეს ტენდერი. კერძო კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, მათთვის კომერციულად საინტერესო წინადადებები წარმოადგინონ და დავაკვირდებით პროცესებს. საქართველოში სამი ავიაკომპანიაა რეგისტრირებული, რომლებსაც აქვთ ლიცენზია და ხომალდები, რომ ტენდერში მიიღონ მონაწილეობა“,- ამბობს ქვრივიშვილი.

აღსანიშნავია, რომ შიდა ფრენების უმეტესობას, რომელსაც მთავრობა ასუბრისიდრებს, AK-Air Georgia ემსახურება. ავიაკომპანიამ ტენდერში 2018 წელს გაიმარჯვა, ამის შედეგ ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა და მისი ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. ასევე თბილისი-ბათუმის შიდა ავიარეისს ამჟამად „ჯეო სქაი“ ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები