"აკეარ ჯორჯიას" ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა bm.ge-სთან განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, შიდა ფრენები მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდეს და ნატახტარის მარშრუტი გააუქმა, კომპანია ქვეყნიდან გასვლაზე მოლაპარაკებებს ცენტრალური ამერიკის ქვეყნებთან აწარმოებს.
მღებრიშვილის თქმით, შიდა რეისებს საერთაშორისო აეროპორტებში პატივს არ სცემენ და ჰქონიათ შემთხვევა, როცა მესტია ქუთაისის მიმართულებაზე აეროპორტი დროულად ბორტს ვერ იღებდა.
"შიდა რეისს პატივს არავინ სცემს და მოლოდინის რეჟიმში დგანან. მაგალითად, მესტია-ქუთაისის მიმართულებაზე, სადაც წმინდა საფრენი დრო 25 წუთია ყოფილა შემთხვევა, რომ 50-55 წუთი ვყოფილვართ ჰაერში სანამ ეს დიდი რეისები შემოვიდოდნენ და გაფრინდებოდნენ. იგივე და უარესი იქნება თბილისიდან. გასვლის იმხელა მარშრუტებს მოგვცემენ, ნატახტრიდან მესტიაში 45 წუთში რომ ჩავდივართ, თბილისიდან დაახლოებით საათი და ათი წუთი იქნება საჭირო.
ჯერ გვაქვს რაღაც მიმართულებები მონიშნული. ზუსტად არ ვიცით, როგორ გავაგრძელებთ მუშაობას. გვაქვს შემოთავაზება ცენტრალური ამერიკიდან, რომ ჰონდურასსა და პანამაში ვიფრინოთ ჩვენი ბორტით. მთავარი უპირატესობა არის გარანტირებული საფრენი დრო, ქვეყანაში 100-120 საათი. საქართველოში ფიზიკურად ვერ გვექნება ეს დრო. ვმუშაობთ ამაზე, რომ შეიძლება გავიდეთ ქვეყნიდან.
შეიძლება მოხდეს ისე, რომ საქართველოშიც ვიფრინოთ და ამერიკაშიც, ბორტები ისე გადავანაწილოთ. ვნახოთ, რამდენად გაიზიარებს ხელისუფლება ალტერნატიული აეროპორტის ფუნქციონირების შესაძლებლობას", - განაცხადა ირინა მღებრიშვილმა bm.ge-სთან.
შიდა ფრენებზე გამოცხადებული 23.1 მლნ ლარის ორი ტენდერი პრეტენდენტების არ არსებობის გამო ჩავარდა.
აღსანიშნავია, რომ შიდა ფრენების უმეტესობას, რომელსაც მთავრობა ასუბსიდირებს, AK-Air Georgia ნატახტრიდან ემსახურება, რომელიც მისი კუთვნილებაა. ავიაკომპანიამ ტენდერში 2018 წელს გაიმარჯვა. ასევე თბილისი-ბათუმის შიდა ავიარეისს ამჟამად „ჯეო სქაი“ ასრულებს.