შიდა ფრენების განხორციელებაზე კომპანია "აკ ეარ ჯორჯიას" ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა.
"აკ ეარ ჯორჯიას" ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერის თქმით ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების თანახმად კომპანიამ ფრენები ბათუმის მიმართულებით რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ მარტიდან განაახლა და ამ მონაცემებით თითქმის 100%-იანი დატვირთვით დაფრინავს.
ირინა მღებრიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმებით სუბსიდირებულ ფრენებში სახელმწიფოს დაფინანსება 10%-ით გაიზარდა, ფრენების ღირებულება კი მგზავრისთვის უცვლელი დარჩა.
“მარტის შეთანხმებით არა მხოლოდ ბათუმი, არამედ მესტიის, ამბროლაურის მიმართულებები სახელმწიფოს მხრიდან შესყიდვის ფასი მხარეთა მოლაპარაკებით 10%-ით გაიზარდა, თუმცა მგზავრების ფასი ბილეთზე უცვლელია, რაც იყო 2018 წელს ახლაც იგივეა,”- ამბობს "აკ ეარ ჯორჯიას" ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი ირინა მღებრიშვილი.
ცვლილებების მიხედვით კომპანიამ ასევე განაახლა ფრენები ბათუმის მიმართულებით, რომელიც 2023 წლის ნოემბერში დროებით შეჩერებული იყო. ირინა მღებრიშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებზე დატვირთვა მაღალია. მისი თქმით, ამ ეტაპზე ნატახტარი ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში 5 სიხშირით ხორციელდება, თუმცა აგვისტოდან შესაძლოა სიხშირე კიდევ გაიზარდოს.
“დატვირთვა ნატახტარი ბათუმის მიმართულებაზე საშუალო ავიაციაში მიღებული 70% ყოველთვის იყო, სეზონზე 90%-ზე ზემოთ არის. არის ასევე რეისები, სადაც 99-100%-იანი დატვირთვით სრულდება.
მოთხოვნის მიხედვით ვფიქრობთ, რომ ალბათ აგვისტოდან დაემატება რეისები. ახლა შაბათი დღე გვაქვს ტექნიკური, წლებია ხომალდის მომსახურების პროგრამა წლებია ასე გვაქვს. ასევე ოთხშაბათს არ გვაქვს ფრენები ბათუმის მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ მომავალი თვიდან ოთხშაბათიც შეიცვლება,”- ამბობს ირინა მღებრიშვილი.