მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებმა სამ წელში $217,5 მლნ-ის უცხოური გრანტი მიიღეს

640dc3f409d38
ნინო ჩიბჩიური
12.03.23 16:17
1529
გორის, ხაშურის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტებმა ბოლო 3 წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებისგან $217 მლნ 403 ათასი გრანტის სახით მიიღეს. მონაცემები თითოეულ უწყებას დამტკიცებულ ბიუჯეტებში აქვს ასახული. პირდაპირი მხარდაჭერის გარდა, უცხოური გრანტების ფარგლებში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტები არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებშიც მონაწილეობენ.

საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა ეხება ჯანდაცვის, დემოკრატიის განვითარების, სოფლის მეურნეობის, ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირების ინტეგრაციის, ასევე სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობის მიმართულებებს.

სახელმწიფო უწყებების უცხოურ გრანტებში მონაწილეობის შესახებ მოქმედებს პორტალი eamis.ge (საგარეო დახმარების ინფორმაციული მართვის სისტემა), სადაც წლების მიხედვით, ყველა უცხოური მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია ერთადაა თავმოყრილი. ვებ-გვერდის მიხედვით, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში 2020-2022 წლებში, სულ 188 მლნ 470 ათას 390 დოლარის პროექტია მხარდაჭერილი. მსხვილ დონორებს შორის არიან: საფრანგეთი, ევროკავშირი, ავსტრია, ესტონეთი, გერმანია, იაპონია, გერმანია და თურქეთი.

რაც შეეხება კონკრეტულად მუნიციპალიტეტების უშუალო მოთხოვნებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ყველაზე მეტი დაფინანსება 2020-2022 წლებში ხაშურის მერიამ მიიღო. (159 მლნ 801 დოლარი), მას მოსდევს ქარელის მუნიციპალიტეტი (26 მლნ 290 დოლარი). შემდეგია კასპის მუნიციპალიტეტი (25 მლნ 625 დოლარი) და ბოლოს გორი (5 მლნ 687 დოლარი).

შეგახსენებთ, გრანტი არის დონორი უწყების/ორგანიზაციის მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ჯანმრთელობის დაცვის და ა.შ. განვითარებისა და სოციალური პროექტების, ასევე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ეს კანონი 1996 წელსაა მიღებული და ის საქართველოში გრანტის მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს განსაზღვრავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები