მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ქართლში სარწყავი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ₾24.4 მლნ დაიხარჯება - რა პროექტები ხორციელდება რეგიონში

მელიორაცია

შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2026 წელს 24,4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები განხორციელდება - "საქართველოს მელიორაციის" ინფორმაციით, სამუშაოები მოიცავს როგორც უკვე დასრულებულ და მიმდინარე ეტაპზე მყოფ ობიექტებს, ისე ახალ კაპიტალურ პროექტებს.

უწყების მონაცემებით, რეგიონში უკვე დასრულდა ორი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 6 მილიონ ლარს აჭარბებს. კერძოდ, სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გარკვეულ მონაკვეთებსა და ძამის დიუკერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე მოეწყო ავარიული წყალსაგდები კვანძები, რაზეც 5 333 558 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჟინვალის ტერიტორიაზე, დასრულდა სალთვისის სარწყავი სისტემის მთავარი გამანაწილებლის დიუკერის რეაბილიტაციისა და მილის გადატანის სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 742 955 ლარი შეადგინა.

ამასთან, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ამჟამად 11,4 მილიონი ლარის საერთო ღირებულების 5 კაპიტალური პროექტი მიმდინარეობს:

კასპში ნიჩბისი-ხანდაკის მექანიკური სარწყავი სისტემის სადაწნეო მილსადენის რეაბილიტაციასთან ერთად, დოესი-გრაკალის მაგისტრალური არხის სათავე ნაგებობისა და ფილტრაციული მონაკვეთის აღდგენა ხორციელდება. ქარელში მიმდინარეობს შაქშაქეთის დიუკერის ავარიული წყალგამშვები ფარისა და სათავე ნაგებობის რეკონსტრუქცია, აგრეთვე იგეგმება ხიდის მოწყობა სკრა-ქარელის მაგისტრალურ არხზე. ხაშურის მუნიციპალიტეტში კი სამუშაოები ტაშისკარის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის აღდგენასა და მის საპროექტო პარამეტრებთან შესაბამისობაში მოყვანას ეთმობა.

სკრა-ქარელის არხზე საავტომობილო გადასასვლელის გარდა, მიმდინარე ოთხივე ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება 2027 წელს იგეგმება, რის შედეგადაც ჯამში 9 835 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა არსებითად გაუმჯობესდება.

პარალელურად, მიმდინარე წელს რეგიონში 3 ახალი კაპიტალური პროექტის დაწყებაა დაგეგმილი, რომელთა სავარაუდო ჯამური ბიუჯეტი 6,9 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტების ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის, ასევე ნადარბაზევის წყალსაცავის წყალმიმღები კოშკისა და მკვებავი არხების სრული განახლება იგეგმება. ხაშურში კი რეაბილიტაცია სოფელ ახალსოფელში მდებარე ტაშისკარის სისტემის გამანაწილებელ არხს ჩაუტარდება. სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება დამატებით 1 650 ჰექტარ ფართობზე მოწესრიგდება.

კაპიტალური სამუშაოების პარალელურად, "საქართველოს მელიორაცია" რეგიონში სარწყავი სისტემების გეგმურ საექსპლუატაციო სამუშაოებსაც აგრძელებს, რაც არხებისა და მილსადენების გაწმენდას, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწესრიგებასა და ამორტიზებული ინფრასტრუქტურული ელემენტების შეცვლას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები