„საქართველოს მელიორაციამ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე 7.7 ლარის ტენდერი გამოაცხადა.
უწყების ინფორმაციით, სარწყავი სისტემა 1977 წლიდან ფუნქციონირებს. ამჟამად გ-7 გამანაწილებელზე არსებული მილსადენები და ჭები ამორტიზებულია, რის გამოც წყლის მიწოდება შეფერხებულია და სოფელ მატანის აღმოსავლეთით მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები სრულად ვერ ირწყვება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ამორტიზებული მილსადენების ახლით ჩანაცვლება, შემტბორავი და დამცლელი ჭების მოწყობა და თანამედროვე ჰიდრანტების, ანუ წყალაღების სპეციალური მოწყობილობების დამონტაჟება.
რეაბილიტაციის შედეგად, გამანაწილებელ ქსელში წყლის საჭირო მოცულობის შეუფერხებელი მიწოდება იქნება შესაძლებელი, რაც 380 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის სტაბილურად მორწყვის შესაძლებლობას შექმნის.
ტენდერის ღირებულება 7 731 929 ლარია. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 25 სექტემბერია, სამუშაოების შესრულების ვადა 704 დღეა.
























