მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში საგზაო სამუშაოების ₾50-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

შეზღუდვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა 50 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გზების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

სატენდერო განაცხადში დაკონკრეტებული არაა, უშუალოდ რომელი გზების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ცხადდება აუქციონი.

"შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები,"- ნათქვამია განაცხადში.

დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელი კომპანია ვალდებული იქნება საგზაო სამუშაოები ერთმანეთის პარალელურად, 5 სხვადასხვა ლოკაციაზე აწარმოოს. ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო პირობებში მითითებულია, რომ იმის მიუხედავად, რომ პროექტის სავარაუდო ღირებულება 50 მილიონი ლარია, უწყება არ იღებს ვალდებულებას ამ თანხის სრული მოცულობით ათვისება მოხდება.

"შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების
შესრულების ვადაში ხელშეკრულების ღირებულების სრულად დაკვეთის შესახებ,"- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა კომპანიამ სამუშაოები არანაკლებ 3 ბეტონის დამგები აპარატით, 7 ექსკავატორით, 6 სატკეპნით, 25 თვითმცლელით, ბეტონის საფრეზი 2 აპარატით, 3 ავტოამწითა და არანაკლებ 5 ავტოგრეიდერით უნდა აწარმოოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები