მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ქართლში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მოცულობის FDI ჩაიდო - პროექტები

642bf8a2acff8
ნინო ჩიბჩიური
05.04.23 00:00
898
2022 წლის მონაცემებით, შიდა ქართლში $37,876 ათასიანი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, რეგიონში ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 5 წლის განმავლობაში. 2020-2021 წლებთან შედარებით ეს რიცხვი თითქმის 50%-ითაა გაზრდილი, ხოლო პანდემიამდელ (2019 წ.) პერიოდს 30-ჯერ აღემატება.

შიდა ქართლის გუბერნატორი, მიხეილ შაყულაშვილი რეგიონში ინვესტიციების განხორციელების მზარდ მაჩვენებელს, პანდემიის ფაქტორის გარდა, ქვეყნის განვითარების სტრატეგიით ხსნის. ბოლო პერიოდში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციებიდან შიდა ქართლის გუბერნატორი ტურისტულ მიმართულებას და სოფლის მეურნეობის სფეროს გამოყოფს.

"ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, განვითარდა სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი. რეგიონში პირველად გაიხსნა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რაც ხელს შეუწყობს ქალაქისა და ზოგადად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდას და მომსახურების სფეროს განვითარებას. ასევე სოფლის მეურნეობისა და წარმოების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. მაგალითისთვის, კასპის მუნიციპალიტეტში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სუნელების საწარმო. მსხვილი პროექტები ხორციელდება ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც. აღსანიშნავია ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობის 225-მილიონიანი პროექტი“,-ამბობს მიხეილ შაყულაშვილი.

მისივე თქმით, გასულ წელს გარემოს დაცვის კუთხითაც მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. კერძოდ, შიდა ქართლში, 32 850 ჰექტარ ფართობზე პირველად დაცული ტერიტორია შეიქმნა. რეგიონის პირველი პირის შეფასებით, მომავალში ამ მიმართულებით დაგეგმილი საქმიანობები, ხელს შეუწყობს, როგორც ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნებასა და განვითარებას, ისე დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერას.

„სხვა უკვე მიმდინარე პროექტებთან ერთად, ასევე უნდა აღინიშნოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მხარდაჭერა და USAID-ის ახალი პროგრამის განხორციელება. კერძოდ ძლიერი სოფლის პროგრამა, რომელიც უკვე აქტიურად მიმდინარეობს და საერთო ჯამში 25 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას, მეწარმეობის განვითარებას და ადგილობრივების დასაქმებას“,-უთხრა BM.GE -ს მიხეილ შაყულაშვილმა.

გუბერნატორის ინფორმაციით, ჩამოთვლილი მიმართულებების კუთხით თანამშრომლობა გრძელდება, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე კერძო ბიზნესთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები