მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შინაური ცხოველების ტაქსი“ ბიზნესის გაფართოებაზე მუშაობს

ტაქსი

ცხოველების ტრანსპორტირების გამოძახების სერვისი „შინაური ცხოველების ტაქსი“ მიმდინარე წელს გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი იაკობიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბაზარზე 6 წელია ოპერირებენ და მათზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია.

„ჩვენ გამოძახების სერვისი გვაქვს და ამ საქმიანობით მხოლოდ მე და ჩემი ძმა ვართ დასაქმებული. ამ სერვისის შექმნის იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც უმანქანოდ დავრჩი და ცხოველის ტრანსპორტირებაზე ტაქსებმა უარი მითხრეს. 6 წლიანი საქმიანობის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ მოთხოვნა მზარდია. სერვისში იგულისხმება, ცხოველის ერთი ობიექტიდან მეორე ობიექტამდე საქართველოს მასშტაბით გადაადგილებას და საჭიროების შემთხვევაში დალოდებაც. ეს იქნება კლინიკაში გადაყვანა თუ რეგიონთა შორის გადაადგილება.

თბილისის მასშტაბით, ერთი მიმართულებით გადაადგილება საშუალოდ 30 ლარი ღირს, ხოლო ლოდინის შემთხვევაში 1 საათი, 10 ლარი. ტარიფის ცვლილება ძაღლის ზომიდან და აგრესიიდან გამომდინარეობს. ვემსახურებით ყველა ჯიშის ძაღლს, ასევე რაოდენობაზეც არ გვაქვს შეზღუდვა. გვქონია შემთხვევა, როდესაც 14 ძაღლი ერთდროულად გადაგვიადგილებია ერთი ობიექტიდან მეორეზე. ვემსახურებით როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებს, კლინიკებს“,- აცხადებს იაკობიშვილი.

მისივე ცნობით, ამჟამად მომხმარებლებს ორი ავტომობილით, კერძოდ მინი ვენითა და ფურგონის ტიპის ავტომობილით ემსახურებიან, თუმცა წლის განმავლობაში ახალი, სრულად ეკიპირებული ავტომობილის დამატებას და ბიზნესის დარეგისტრირებას გეგმავენ. ამასთან, სხვადასხვა კომპანიებთან თუ კლინიკებთან თანამშრომლობა უკვე საკუთარი ბრენდით იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები