მეორეული ტანსაცმლის მაღაზია „შოპ მარინა“ ახალ ფილიალს გლდანის რაიონში, თენგიზ შეშელიძის 116 ნომერში გახსნის. როგორც კომპანიის დირექტორმა, ოთარ მირზოევმა BM.GE-სთან განაცხადა, ახალი ფილიალის გახსნა 3 მარტს არის დაგეგმილი, ხოლო საინვესტიციო მოცულობა, დაახლოებით 1.5 მილიონ ლარს შეადგენს.
„უკვე 15 წელია ბაზარზე ვართ და მიმდინარე წელს ვგეგმავთ მეოთხე ფილიალის გახსნას. გასულ წლებში ფილიალები ქუთაისსა და ისანში გავხსენით. ასევე ფილიალი გვაქვს დიდუბეშიც. ჩვენი მიზანია მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, რასაც როგორც პროდუქტის ხარისხით, ისე სერვისით განვსაზღვრავთ. ახალი ფილიალის დამატება, გლდანიდან წამოსულმა დიდმა მოთხოვნამ განაპირობა. თუ ასეთი მოთხოვნა სხვა რეგიონებშიც იქნება, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ოთარ მირზოევმა.
გლდანის ფილიალი დაახლოებით 4 000 კვ.მ ფართობის იქნება და მასში 60-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. თუმცა ოთარ მირზოევი აღნიშნავს, რომ კადრების მოძიება კომპანიისთვის პრობლემად რჩება, არა მხოლოდ გლდანის ფილიალში, არამედ კომპანიის ყველა მაღაზიაში.
"კადრების დეფიციტი კვლავ აქტუალური გამოწვევაა. ყოველდღე ვდებთ ვაკანსიას, რომ კადრები გვჭირდება. ეს პრობლემა არა მხოლოდ გლდანის ფილიალშია, არამედ ჩვენს სხვა ფილიალებშიც გვხვდება. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა კი არა, სფეროში არსებული პრობლემაა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „შოპ მარინა“ არ არის ჩვეულებრივი მაღაზია – ამ ბიზნესს სპეციფიკური მიდგომა სჭირდება. თანამშრომლებისთვის აუცილებელია სწავლის პროცესი, რათა კარგად გაეცნონ ჩვენს პროდუქციას და მომსახურების სტანდარტებს. კომპანია მზადაა უზრუნველყოს შესაბამისი ტრენინგებიც, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს პროფესიულად განვითარდნენ", - თქვა მან.
მისი ინფორმაციით, მათი პროდუქცია თურქეთიდან შემოდის, თუმცა საქონელი სრულად ევროპულია. მირზოევის თქმით, მეორეული ტანსაცმელი თავს თურქეთში იყრის, რის შემდეგაც პროდუქციის გადარჩევა და საქართველოში ტრანსპორტირება ხდება: „მოთხოვნას ვაკონტროლებთ და ფრთხილად ვარჩევთ პროდუქციას, რათა მომხმარებელს ხარისხიანი, ევროპული პროდუქტი შევთავაზოთ,“ – აღნიშნა დირექტორმა.




























