მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიუროკრატიაში პრობლემები არ გვაქვს"

5dee54bf6278e
თათია ჩაფიჩაძე
09.12.19 18:08
1078
„ჩვენ ბიუროკრატიის სიიაფით მეორე ვართ მსოფლიოში“ - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გააკეთა. ფინანსთა სამინისტროს შემაჯამებელ პრეზენტაციაზე მაჭავარიანმა ევროპული სტანდარტების მმართველობის ხარისხის ამსახველი პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელზე დაყრდნობითაც განაცხადა, რომ მმართველობის ინდიკატორების მხრივ საქარველო აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას უსწრებს.

მიუხედავად ამისა ქვეყნის მთავარმა ფინანსისტმა რეფორმის აუცილებლობაზეც ისაუბრა და ბიუროკრატიაში პრობლემების არსებობა დაადასტურა.

„ისეთ მნიშვნელოვან მმართველობით ინდიკტორებში, როგორიც არის კორუფციის კონტროლი, რეგულაციების ხარისხი, კანონის უზენაესობა, ამ ყველა შემთხვევაში ჩვენ აღმოსვლეთ ევროპის ქვეყნებს ვუსწრებთ. ერთადერთი ჩამორჩენა გვაქვს პოლიტიკურ სტაბილურობაში და მგონი, ეს უფრო ჩვენი ხასიათის ბრალია, ვიდრე რაიმე ობიექტური წინამძღვრების არსებობისა.

მნიშვნელოვანია იმის ნახვა და გათვალისწინება, თუ რა გვიჯდება მმართველობის ეს ხარისხი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ბიუროკრატიის სიიაფით მეორე ვართ მსოფლიოში სინგაპურის შემდეგ. შესაბამისად როდესაც ვამბობთ, რომ გვაქვს ეფექტური მმართველობითი ინდიკატორები, ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მცირე დანახარჯს ვწევთ ამისთვის, რაც ნამდვილად დასაფასებელია.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიუროკრატიაში პრობლემები არ გვაქვს და არ არის საჭირო რეფორმა, თუმცა აგრეგირებულად რომ შევხედოთ, ხარჯი ბიუროკრატიაზე მსოფლიოში მეორეა სიმცირით და საჯარო ფინანსების მართვა ითარგმნება სახელმწიფო მართველობითი ხარისხის კონექსტში”- აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები