"შოთი", ქართული ტრადიციული სწრაფი კვების ბრენდი, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ბრენდი, რომელმაც პოპულარობა შოთის პურში მოთავსებული ტრადიციული ქართული კერძების თანამედროვე ინტერპრეტირებით მოიპოვა, ამიერიდან ჰოლდინგური კომპანია Wolves-ის მენეჯმენტის ქვეშ ექცევა. ახალი გუნდი მიზნად ბრენდის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განვითარებას ისახავს, რაც მთავარია, მკაცრი სტანდარტების დაცვით.
ამიერიდან “შოთის” მთავარი დაპირებაა: “ტრადიციული გემო, თანამედროვე სტანდარტით” - რაც ნიშნავს არა მხოლოდ გემოვნური თვისებების შენარჩუნებას, არამედ კვების უსაფრთხოების, სისწრაფისა და ხარისხის სრულ შესაბამისობას საერთაშორისო მოთხოვნებთან და, რა თქმა უნდა, HACCP-ის სტანდარტთან.
ბრენდზე, მისი განვითარების სტრატეგიასა და სიახლეებზე BM.GE ეკა მსხილაძეს, "შოთის" მფლობელი კომპანია "ფუდფრენჩაიზის" დირექტორს ესაუბრა.
“შოთის” შესახებ მოგვიყევით, რა ფორმით გამოჩნდა ის ქართულ ბაზარზე და რა კონცეფციას ატარებს დღეს?
„შოთი“ ქართულ ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა, როგორც ტრადიციული ქართული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაცია - შოთის პურში მოთავსებული გემოების ახალი გამოცდილება. დასაწყისში ბრენდს არ ჰქონდა სწრაფი კვების კლასიკური კონცეფცია — მაშინ მომზადების პროცესი არ უზრუნველყოფდა იმ სისწრაფესა და სტანდარტს, რაც დღეს არის მიღწეული.
დღეს „შოთი“ უკვე განახლებული საოპერაციო მოდელით ფუნქციონირებს, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. სწრაფი კვება საზოგადოებაში არაჯანსაღ საკვებთან ასოცირდება, ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ჯანსაღ და ახალ პროდუქტს, რომლის მოწოდებაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება, ყველა ინგრედიენტს აქვს კვების უსაფრთხოების სტანდარტის შესაბამისი ვადა, შენახვის და დამუშავების პირობები, რაც სწრაფი კვების სისტემისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ეს გარდაქმნა შესაძლებელი გახდა ახალი მენეჯმენტის ხედვითა და HACCP სტანდარტების სრული დანერგვით.
რა არის “შოთის” მთავარი ნიშა, რომელიც მას სხვა მსგავსი ტიპის ობიექტებისგან გამოარჩევს?
ჩვენი კერძები არამხოლოდ ინარჩუნებენ ქართულ ტრადიციულ გემოს, არამედ ქმნიან სრულიად ახალ გამოცდილებას. გვყავს საუკეთესო მზარეულების გუნდი, შეფ მზარეულის მეთაურობით, რომელიც მუდმივად გვაოცებს კრეატიულობით და ახალი, ისეთი გემოებით, რომლებსაც სხვაგან ვერ გასინჯავთ. შოთი მათია, ვინც სწრაფად, მაგრამ გემრიელად და ჯანსაღად კვების გზას ეძებს, ტრადიციული ქართული გემოს შენარჩუნებით.
რას ნიშნავს ფრაზა - „ტრადიციული გემო, თანამედროვე სტანდარტით“?
ეს ფრაზა ჩვენი ბრენდის ფილოსოფიას წარმოადგენს და ნიშნავს, რომ „შოთი“ ინარჩუნებს ქართული სამზარეულოს ავთენტიკურ გემოს, მაგრამ ამავდროულად აკმაყოფილებს საერთაშორისო კვების უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ოპერაციული ეფექტიანობის სტანდარტებს. ეს მოიცავს: პროდუქტის ხარისხს და გემოვნურ თვისებებს, პროცესების გამჭვირვალობას, სისუფთავეს, სისწრაფესა და სტაბილურობას.
როგორი შეიცვალა “შოთის” საოპერაციო მოდელი მას შემდეგ, რაც ობიექტზე HACCP-ის სტანდარტი დაინერგა და რამდენად თანხვედრაშია ის სწრაფი მიწოდების (Delivery) სტანდარტებთან?
„შოთი“ იყენებს სპეციალურად შემუშავებულ საოპერაციო მოდელს, რომელიც სრულად შეესაბამება HACCP-ის მოთხოვნებს: კერძის ყველა ინგრედიენტის დამუშავება და შენახვა კონტროლდება მუდმივი პროცესით, არსებული უსაფრთხოების სისტემის ნაწილია მიწოდების პირობებიც.
იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსპორტირების პროცესი ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, სრულად ხდება ჩვენი მხრიდან მისაწოდებელი პროდუქტის ანალიზი და პროდუქტში არსებული ინგრედიენტის შესაბამის ვადებზე და ტემპერატურაზე გათვალისწინება. ისეთი სახის პროდუქტი, რომელიც ჩვენი სტანდარტით არ შეესაბამება ტრანსპორტირების პირობებს, მომხმარებელს შეუძლია, მხოლოდ ადგილზე მიირთვას. მაგალითად დესერტი, რომელიც შეიცავს კრემს. ინგრედიენტები ინახება უსაფრთხო ტემპერატურაზე, შეკვეთის მომენტში ხდება კერძის აწყობა (არაუმეტეს 5 წუთისა), მიწოდებისას კონტროლდება ტემპერატურა: ცხელი კერძები ინახება 60°C-ზე ზემოთ, ცივი კი - 5°C-ზე ქვემოთ. შეფუთვა მაქსიმალურად იცავს პროდუქტს კონდენსაციისგან და ტექსტურის დაზიანებისგან.
მიუხედავად ამ სიფრთხილისა, „შოთის“ პროდუქტი თავისი ბუნებით ისეთია, რომ საუკეთესო გემო და ტექსტურა მაინც ადგილზე მირთმევისას ვლინდება. განსაკუთრებით შოთის პურში მოთავსებული კერძები - მათი სურნელი, სითბო და ხრაშუნა ზედაპირი სრულად იგრძნობა მხოლოდ მაშინ, როცა პირდაპირ ადგილზე მიირთმევთ. "შოთში" სტუმრობა - ეს მხოლოდ კვება არ არის, ეს გამოცდილებაა: გემოსთან ერთად მიიღებთ მეგობრულ გარემოს და ემოციას, შეგიძლიათ უყუროთ სპორტულ თამაშებს დიდ ეკრანებზე, ისიამოვნოთ მწვანე სივრცითა და კომფორტული ატმოსფეროთი.
“შოთის” ახალი, განახლებული სტანდარტებით აღჭურვილი პირველი ფილიალი დიღომში, მიხეილ ჭიაურელის N14-ში მდებარეობს. სწორედ ეს სივრცე წარმოადგენს საპილოტე ლოკაციას, სადაც სრულად დაინერგა ახალი მოდელი და გაიტესტა HACCP-ის სტანდარტების შესაბამისობა. კომპანია მიმდინარე წელს მეორე ობიექტის გახსნასაც გეგმავს, სადაც მომხმარებელს კიდევ უფრო კომფორტულ გარემოს, მრავალფეროვან მენიუსა და ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.




























