მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოტლანდიაში მწვანე ენერგიის მოცულობა ქვეყნის მოთხოვნის 100%-ს აკმაყოფილებს - Euronews

განახლებადი

შოტლანდიაში განახლებადი ენერგიის წყაროებით გენერირებული ელექტროენერგიის მოცულობას, ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 100%-ის დაკმაყოფილება შეუძლია. ინფორმაციას შოტლანდიის ხელისუფლების მიერ ახლახან გამოქვეყნებული მონაცემთა ანგარიში ადასტურებს, რომელშიც 2022 წლის შედეგებია შეჯამებული.

დოკუმენტის თანახმად, ქარისა და წყლის ელექტროსადგურები უკვე გამოიმუშავებენ შოტლანდიის მოსახლეობის მიერ ერთ წელიწადში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის 113%-ს - 22%-ით უფრო მეტს, ვიდრე 2021 წელს. აღსანიშნავია ისიც, რომ შოტლანდიაში ელექტროენერგიის მოხმარება 2022 წელს 4%-ით, 22 042 გიგავატამდე შემცირდა.

როგორც შოტლანდიის ენერგომდივანი ნილ გრეი აცხადებს, ქვეყნის მიზანია, განახლებადი რესურსებით საკმარისი ელექტროენერგია გამოიმუშაოს იმისთვის, რომ არა მხოლოდ ქვეყნის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, არამედ შეიტანოს კონტრიბუცია მეზობელი ქვეყნების მომარაგებაშიც.

“ისტორიაში პირველად, შოტლანდიამ იმაზე მეტი განახლებადი ენერგია გამოიმუშავა, ვიდრე მოიხმარა. ეს შოტლანდიის მწვანე ეკონომიკის უდიდესი პოტენციალის დემონსტრაციაა”, - აცხადებს გრეი.

გრეის თქმით, განახლებადი ენერგიის შესამჩნევი ზრდის მიზანი ეკომეგობრული სისტემების ჩამოყალიბებაა, რაც შოტლანდიის სამოქალაქო თუ ბიზნესსექტორს ხელმისაწვდომი, სუფთა ენერგიით მოამარაგებს.

შოტლანდიის ხელისუფლება მწვანე ინდუსტრიის სტრატეგიაზეც მუშაობს, რომელიც, გრეის თანახმად, ქვეყანაში არსებული ჭარბი ბუნებრივი რესურსების ოპტიმიზაციაზე იქნება ორიენტირებული, რაც ქვეყნის მასშტაბით ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს. თუმცა, როგორც ენერგომდივანი აღნიშნავს, შოტლანდიის პროგრესს მათი ქსელის მოცულობა აფერხებს. სექტორის გასაძლიერებლად ხელისუფლება დაფინანსების გამოყოფას გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებისგან ითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები