შოვში, სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია - ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია, რომელიც გასული წლის აგვისტოში, შოვში მომხდარი სტიქიის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტში წერია, რომ უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები.
გარდა ამისა, გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასების დოკუმენტის მიხედვით, რეკომენდებული არ არის მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება.
ამასთან, მდ. ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები, ხოლო იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხის შედეგად შესაძლო ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება, რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება.
Bm.ge-ის კითხვაზე - აპირებს თუ არა მთავრობა შოვის გენგეგმის გაუქმებას, მინისტრმა გვიპასუხა, რომ ამისთვის საჭირო იქნება დამატებითი კვლევების ჩატარება.
" ეს არ ნიშნავს, რომ იქ ყველა პროცესი სრულად არის შეფასებული, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. თუმცა დღეს დასკვნა ამბობს, რომ იქ არის გარკვეული საფრთხეები, შესაბამისად იქ რაიმე ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება არ არის დაშვებული“.- განაცხადა შამუგიამ.
იქამდე კი შოვის გენგეგის გაუქმების ინიციატივა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ გააჟღერა. მისი თქმით, კურორტის გენგეგმა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შოვის სტიქიის შესახებ მომზადებული შეფასების დოკუმენტის საფუძველზე უნდა გაუქმდეს. როგორც გარემოს დამცველმა აღნიშნა, სტიქიის არეალში შოვის გენგეგმის მიხედვით, იურიდიულად, მშენებლობები დაშვებულია, მაგრამ დასკვნის დოკუმენტი ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაუშვებლად მიიჩნევს.
სტუმარი: ირაკლი ბერეკაშვილი - დეველოპერული კომპანია „სიმეტრიას“ საინვესტიციო პროექტების მმართველი;